Aa Aa
8 ივნისი 2024  |  12:06

1995 წლის Toyota Supra Turbo აუქციონზე იყიდება

მექანიკური კოლოფის მქონე 1995 წლის Toyota Supra Turbo აუქციონზე იყიდება. აუქციონი ჯერ არ დასრულებულა და 16,000 კილომეტრზე დაბალი გარბენის მქონე ავტომობილის ფასმა უკვე $150,000-ს მიაღწია.

როგორც აღმოჩნდა, ავტომოყვარულებს Toyota Supra სამი ათწლეულის შემდეგაც იზიდავთ. ონლაინ აუქციონების ბოლო შედეგებმა აჩვენა, რომ დაბალი გარბენის მქონე Ferrari F355-ები ძირითადად  $84-$127,000-ის ფარგლებში იყიდება, თუმცა, ამ MkIV-ის ფასმა უკვე $150 ათასს მიაღწია. თანაც, ტენდერის დასრულებამდე ჯერ კიდევ საკმაოდ ხანგრძლივი დრო, ოთხი დღეა დარჩენილი.

თუმცა, ეს მოდელი ჩვეულებრივი Supra არ გეგონოთ. „ჩვეულებრივი“ მხოლოდ იმ მხრივ, რომ მანქანა ხელშეუხებელია, ზუსტად ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც იმ დროს A80-ები ქარხანას ტოვებდნენ. ეს დეტალი კი, მანქანას ავტომოყვარულებისთვის ბევრად სასურველ ნივთადაც აქცევს. ექსტერიერის ფანტასტიკური მდგომარეობისა და ფერების შესანიშნავი კომბინაციის გარდა კი, მნახველებს მოდელის კიდევ რამდენიმე მახასიათებელი აღაფრთოვანებთ.

ეს პირველ რიგში არის Supra-ს ლეგენდარული 3-ლიტრიანი JZ ძრავა, 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით. ამ შესაძლებლობებით, მოდელი 320 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მეორე კი მანქანის დაბალი გარბენია - 1995 წლის Supra Turbo-ს მხოლოდ 16,000 კილომეტრამდე აქვს გავლილი, რაც მის ოდომეტრზეც ნაჩვენებია.

დაბალი გარბენის მიუხედავად, დაჟანგულია მანქანის საკიდარი, რაც დიდი ალბათობით, შენახვის პირობების „დამსახურებაა“. თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, ეს Supra მხოლოდ დიდი კოლექციის ნაწილი იყო და იშვიათად გამოიყენებოდა. ავტოფარეხს კლიმატის კონტროლი არ ჰქონდა, რამაც გარეთ იშვიათად გამოყვანის მიუხედავადაც, მანქანის ნაწილებზე ჟანგი გააჩინა.

საერთო ჯამში, მანქანის წინა ნაწილის მცირე, თითქმის შეუმჩნეველ დაზიანებას თუ არ ჩავთვლით, Supra იდეალურ მდგომარეობაშია. არც მსურველთა რაოდენობას უჩივის და მისი ფასიც, მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში, სავარაუდოდ გაიზრდება.

გაზიარება: