აშშ, ჩინეთი, ალპინა, ბიემვი, ბეემვე, ნოიე კლასე, ეს იუ ვი, ბიემვი იქს8
Aa
Aa

BMW-ს აშშ-ისა და ჩინეთის ბაზრებისთვის დიდი გეგმები აქვს

გასულ წელს BMW-მ შეერთებულ შტატებში რეკორდული რაოდენობის — 388 897 ავტომობილი გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 4.7%-იან ზრდას წარმოადგენს და ბრენდისთვის ზედიზედ მესამე რეკორდული წელია. თუმცა, მიღწეულ წარმატებაზე შეჩერებას გერმანული ბრენდი არ აპირებს და ოფიციალურად ადასტურებს, რომ სრულიად ახალი ფლაგმანური მოდელის ჩაშვებას განიხილავს.

ასევე იხილეთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „ბიემვის" ოდესმე შეუქმნია

კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ სიახლეებში აღნიშნულია, რომ BMW „განიხილავს“ ახალ მოდელს, რომელიც SUV-ების ხაზში X7-ის ზემოთ დაიკავებს ადგილს. ავტომწარმოებელს ბევრი დეტალი არ გაუმჟღავნებია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ავტომობილი „მაქსიმალურად იქნება მორგებული ამერიკული ბაზრის საჭიროებებზე“. სავარაუდოდ, საუბარია BMW X8-ზე — მოდელზე, რომელზეც ინდუსტრიაში თითქმის ათი წელია ლაპარაკობენ, თუმცა დღემდე სერიულ წარმოებაში არ გამოჩენილა.

წლის დასაწყისში Audi-მ საბოლოოდ წარადგინა Q9 — BMW X7-ისა და Mercedes-Benz GLS-ის დიდხანს ნანატრი კონკურენტი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ BMW შესაძლოა X7-ზე უფრო დიდ მოდელზე მუშაობდეს, პრესრელიზში პირდაპირ არ არის ნათქვამი, რომ ის ზომით აუცილებლად Q9-ზე დიდი იქნება. ტექსტში მითითებულია, რომ მოდელი უბრალოდ „ამჟამინდელი ტოპ-მოდელის, BMW X7-ის ზემოთ დადგება“.

ახალი ფლაგმანური SUV ერთადერთი სიახლე არ არის, რომელზეც BMW მუშაობს — კომპანიამ წარადგინა განახლებული პორტფოლიო ჩინეთის ბაზრისთვის, სადაც ადგილობრივი მომხმარებლის მოთხოვნებია გათვალისწინებული. BMW-ს მიზანია, რომ 2030 წლისთვის ჩინეთში გაყიდული ავტომობილების 95% უშუალოდ ადგილზე იყოს აწყობილი.

გარდა ამისა, BMW-ს მიერ ბრენდის ყიდვის შემდეგ, მომავალ წელს Alpina-ს პირველი სრულიად ახალი მოდელი გამოვა. დადასტურებულია, რომ ის მე-7 სერიის პლატფორმას დაეფუძნება და პოზიციონირებით ჩვეულებრივ BMW-სა და Rolls-Royce-ს შორის განთავსდება. 2028 წლისთვის ევროპული ბაზარი მიიღებს სრულიად ახალ ხელმისაწვდომ ელექტრომობილსაც. ეს მოდელი გახდება Neue Klasse ოჯახის ახალი წევრი და გამოიყენებს იმავე ტექნოლოგიებს, რასაც სერიის სხვა ავტომობილები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები