საქართველო, ავტოიმპორტი, იმპორტი, მეორადი ავტომობილების ფასები, ავტომობილების ფასები
Aa
Aa

„10 000-დოლარიან ავტომობილზე მატება 1 800 დოლარია, 20 000-იანზე კი 3000“ – იმპორტიორი რეგულაციების ეფექტზე

„ავტომობილის თვითღირებულება საშუალოდ 15-18%-ით გაიზარდა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას კომპანია „რობან მოტორსის“ დამფუძნებელმა, ელგუჯა ჯამაგიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ავტომობილებზე ფასის მატება ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ დაიწყო და ეტაპობრივი ხასიათი ჰქონდა.

შეგახსენებთ, 2026 წლის აპრილიდან ქვეყანაში ახალი წესები ამოქმედდა, რომლითაც 2024 წლამდე გამოშვებული ავტომობილების განბაჟება გაძვირდა. ცვლილების მიხედვით, 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილების ნაწილისთვის აქციზის განაკვეთი ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე 1.5 ლარით განისაზღვრა. 2024-2025 წლებში გამოშვებული ავტომობილებისთვის აღნიშნული ტარიფი ისედაც 1.5 ლარს შეადგენდა, შესაბამისად, ცვლილება ძირითადად 2020-2021-2022-2023 წლებში გამოშვებულ ავტომობილებს შეეხო. ამ კატეგორიის ავტომობილებზე აქამდე მოქმედი განბაჟების ტარიფი ძრავის 1 კუბურ სანტიმეტრზე 0.8-1.4 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

რაც შეეხება 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებს, მათზე აქციზის განაკვეთი ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, ამ კატეგორიის ავტომობილების განბაჟების ტარიფი 5.6-ჯერ გაიზარდა — აქამდე მოქმედი წესით, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების ძრავის თითოეული კუბური სანტიმეტრი 0.8 ლარის აქციზით იბეგრებოდა.

როგორც ელგუჯა ჯამაგიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განმარტა, დაბალბიუჯეტურ მანქანებზე ფასი საშუალოდ, 1200-1500 დოლარით გაიზარდა.

„ავტომობილების გაძვირების პროცესი ეტაპობრივად განვითარდა და ეს უეცრად არ მომხდარა. ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ, ფასებმა თანდათანობით დაიწყო მატება, რის შედეგადაც ავტომობილის თვითღირებულება საშუალოდ 15-18%-ით გაიზარდა.

ფასის ეს ნამატი ავტომობილის საწყისი ღირებულების პირდაპირპროპორციულია. მაგალითად, 10 000-დოლარიან ავტომობილზე მატება დაახლოებით 1 800 დოლარს შეადგენს, 20 000-დოლარიანზე — 3 000 დოლარს, ხოლო შედარებით დაბალბიუჯეტურ და იაფიან მოდელებზე (როგორიცაა, მაგალითად, Kia Niro) ჯამურად 1 200-1 500-დოლარიანი მატება გვაქვს.

ფასების ზრდის ტენდენცია მაის-ივნისიდან დაიწყო, რაც ბაზრის ბრუნვის ლოგიკურ ციკლს უკავშირდება. 1-ელ აპრილამდე შეძენილი ის ავტომობილები, რომლებიც ახალ რეგულაციებში არ მოხვდნენ, საქართველოში დაახლოებით 2 თვის შემდეგ ჩამოვიდნენ. ამ მანქანების გაყიდვისა და ახლების შესყიდვის პარალელურად, გაძვირებულმა ტრანსპორტირებამ და გაზრდილმა ხარჯებმა ჯამურად ეს საფასო სხვაობა შექმნა.

მოსალოდნელია თუ არა ფასების კიდევ უფრო გაზრდა, ამას დრო გვიჩვენებს, რადგან ამ პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას ნავთობის მსოფლიო ფასების ცვლილება და ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე მოვლენები ახდენს“, - განაცხადა ელგუჯა ჯამაგიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

მსგავსი სიახლეები