ელექტრომობილები, ბიემვი, ჰიუნდაი, მერსედეს ბენცი, ჰონდა, ჯენერალ მოტორსი, ტოიოტა, კია, სტელანტისი
Aa
Aa

„თუ დასამუხტი სადგურები მოგებას არ მოიტანს, ელექტრომობილები ვერ გადარჩებიან“ | Ionna-ს CEO

მსოფლიოს სხვა ნაწილებზე რომ არაფერი ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების განვითარება ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს. ამის გამოსწორებას კი მსოფლიოს რამდენიმე უმსხვილესი ავტომწარმოებელი ცდილობს, რომლებმაც ერთობლივად Ionna-ს ქსელი ჩამოაყალიბეს.

ასევე დაგაინტერესებთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს

Ionna-ში BMW, Mercedes-Benz-ი, General Motors-ი, Honda, Hyundai, Kia, Stellantis-ი და Toyota არიან გაერთიანებული. თუმცა კომპანია მხოლოდ ელექტრომობილების გაყიდვების ხელშეწყობას არ ემსახურება. მისი მიზანი მოგებიანი დასამუხტი ინფრასტრუქტურის შექმნაცაა.

Ionna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სეთ კატლერმა, გამოცემა The Drive-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ორგანიზაციის მთავარი მიზანი დროთა განმავლობაში ფინანსური დამოუკიდებლობისა და მოგების მიღწევაა. კატლერის თქმით, ელექტრომობილების დასამუხტი ინფრასტრუქტურა მოგებიანი ბიზნესი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ის გრძელვადიანად ვერ იარსებებს.

„ინფრასტრუქტურა მოგებიანი უნდა გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერასდროს გადარჩება. და იმ შემთხვევაში, თუ ის ვერ გადარჩება, ელექტრომობილებიც ვერ გადარჩებიან“, — დაამატა Ionna-ს ხელმძღვანელმა.

Ionna-ს ორგანიზაცია დასამუხტი ქსელის გაფართოებაზე სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს. მათ შორის არიან Circle K, Wawa, Sheetz-ი და Casey’s.

Ionna რამდენიმე ათეულ ლოკაციაზე მიწის ნაკვეთებსაც ფლობს. ზოგიერთ მათგანზე კომპანიამ საკუთარი ინფრასტრუქტურაც განავითარა — მათ შორის, ობიექტები სხვადასხვა სერვისებით. სამომავლოდ კი დამატებით ახალი ობიექტების განთავსებაც იგეგმება. თუმცა კატლერის თქმით, ამ ეტაპზე ორგანიზაციის მთავარი საფიქრალი დასამუხტი წერტილების რაოდენობის ზრდა და მათი ხარისხის გაუმჯობესებაა. დამატებით სერვისებიდან შემოსავლის მიღებაზე კი Ionna უფრო აქტიურად მუშაობას 2027–2028 წლებში ან მოგვიანებით დაიწყებს.

კატლერის განცხადებით, Ionna-ს ქსელის სწრაფი ტემპებით განვითარება უკვე აქტიურ რეჟიმშია. მისი მიზანია, კომპანიამ ქსელის ზომა წლის დასაწყისში არსებული 80 სადგურიდან მნიშვნელოვნად, წლის განმავლობაში დაახლოებით სამჯერ გაზარდოს.

მსგავსი სიახლეები