Aa Aa
11 სექტემბერი 2024  |  13:05

Venom F5-M ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე მექანიკაა

ამ მოდელის მხოლოდ 12 ეგზემპლარი შეიქმნა და მათი ღირებულება $2.65 მილიონია.

Hennessey Performance Engineering-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე სერიული წარმოების ავტომობილი წარუდგინა. თუმცა ეს ფაქტი დიდად გასაკვირი არ იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება: კომპანიამ ახალი, სრულად ინოვაციური მოდელი, მექანიკური გადაცემათა კოლოფით აღჭურვა. ასე მივიღეთ Hennessey-ის ახალი საინჟინრო სასწაული, რომელიც ალბათ, უკვე ყველა კოლექციონერის ოცნებადაც იქცა. 

როგორც თავად უწოდებს, ინოვაციური მოდელი, Hennessey-მ Venom F5 Roadster-ის ბაზაზე შექმნა. ახალ Venom F5-M-ში კომპანიამ 1 817 ცხენის ძალის მქონე, 6.6-ლიტრიანი, ორტურბინიანი ძრავა მოათავსა. მაბრუნი მომენტი 1 618 ნიუტონ მეტრია.

და თუ, Venom-ის სტანდარტულ ვერსიაში 7-სიჩქარიან ავტომატურ კოლოფს ვხვდებით, ახალ მოდელში Hennessey-მ 6-სიჩქარიანი, მექანიკური გადაცემათა კოლოფი წარგვიდგინა. ამას ემატება ალუმინისგან დამზადებული სიჩქარეების გადამრთველი, რომელიც F5-M-ის ავტოენთუზიასტ მძღოლებს, ტაქტიკური მართვის დაუვიწყარ გამოცდილებას ჰპირდება. ეს კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მძღოლებისთვის, რომლებიც მართვის დროს სიამოვნებას სწორედ სხვადასხვა სიჩქარეებში სწრაფი გადართვისგან იღებენ. 

Hennessey-მ თავისი ახალი ინოვაციური მოდელის მხოლოდ 12 ეგზემპლარი შექმნა და მათ საკმაოდ მაღალი ფასიც დაადო. Venom F5-M-ის ბაზაზე შექმნილი ავტომობილების ღირებულება $2.65 მილიონია. თუმცა ამ ფასს ავტომოყვარულები ნამდვილად არ შეუშინებია, რადგან თორმეტივე მოდელი, რომელიც ექსკლუზიური შეთავაზებით იწარმოვა, უკვე გაყიდულია. 

მექანიკური გადაცემათა კოლოფი ერთადერთი მახასიათებელი არაა, რომელიც F5-M-ს ჩვეულებრივი F5 Roadster-ისგან განასხვავებს. შეცვლილი დიზაინის მთავარი ელემენტი უზარმაზარი 1.4 მეტრის სიგრძის „დელფინის ზურგის ფარფლია“, რომელიც სახურავზე დამაგრებული ჰაერამღებიდან მანქანის უკანა კორპუსის კიდემდე გრძელდება. Hennessey-ის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელის, ნათან მალინიკის განცხადებით, მათი ახალი ავტომობილის დიზაინში ყველაზე კარგად სწორედ ამერიკული მახასიათებლები ვლინდება:

„ჩვენ ექსტრემალები ვართ, მაგრამ, ამასთან ერთად, ჩვენ მკაფიოდ და ცალსახად ამერიკელები ვართ [და] ეს მახასიათებლები კარგად ვლინდება F5-M-ის დიზაინში… “

„ეს არის მანქანა თამამი და მამაცი მართვის ენთუზიასტებისთვის. მძღოლებისთვის, რომელთაც ველური ენერგიის მქონე ჰიპერმანქანები და დრამატული დიზაინი იტაცებთ. ამ ყველაფერს კი მექანიკური გადაცემათა კოლოფიც დაუმატეთ: ეს ის გამოცდილებაა, რომელსაც ამ ქვეყნად სხვა ვერცერთი სიამოვნება შეედრება“, - აცხადებს მალინიკი. 

გაზიარება: