IIHS-მა 5 ყველაზე უსაფრთხო მცირე ზომის მოდელი დაასახელა
2026 წელს აშშ-ის ავტომაგისტრალების უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტის (IIHS) Top Safety Pick ჯილდო სულ რვა მცირე ზომის ავტომობილმა დაიმსახურა, თუმცა მათგან მხოლოდ ექვსმა მოახერხა კიდევ უფრო შორს წასვლა და უმაღლესი — Top Safety Pick+ ტიტულის მოპოვება. უსაფრთხოებაზე ორიენტირებული მყიდველებისთვის ეს პატარა პლუსი ხშირად ავტომობილის შერჩევისას გადამწყვეტი ფაქტორია.
ასევე იხილეთ: Top-ი: ისტორიაში ყველაზე გამძლე ავტომობილები
აღსანიშნავია, რომ ამ უმაღლესი რეიტინგის მქონე ექვსი მოდელიდან ხუთი იაპონური წარმოშობისაა, ხოლო ერთადერთი არაიაპონური წარმომადგენელი სამხრეთ კორეულია.
Subaru Crosstrek Hybrid (2026)
ეს ერთადერთი ქროსოვერია ამ სიაში და მისი შედეგი განსაკუთრებით შთამბეჭდავია. IIHS-ის ტესტის ოქმში Crosstrek Hybrid-ის შეფასებები ფაქტობრივად ფრიადოსანი მოსწავლის ნიშნებს ჰგავს — ყველა ძირითად კატეგორიაში ავტომობილმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

Toyota Prius (2026)
თუკი სტანდარტული Corolla უსაფრთხოების უმაღლეს ტიტულს ვერ სწვდება, Prius-ი ამას იოლად ახერხებს. მან თითქმის ყველა საკვანძო ტესტში მაღალი ქულები დააგროვა. ერთადერთი სფერო, სადაც ოდნავ დაბალი შეფასება მიიღო, მაშუქების სიკაშკაშეა, სადაც მარჯვენა მხარეს შუქის ნაკადის განაწილება IIHS-ის იდეალურ სტანდარტებს ოდნავ ჩამორჩა.

Nissan Sentra (2026)
ბიუჯეტური სედანი, რომლის საწყისი ფასიც 22 600 დოლარიდან იწყება, ჩვეულებრივ არ ასოცირდება უსაფრთხოების ლიდერობასთან, თუმცა Sentra-მ მოლოდინს გადააჭარბა. სამწლიანი პაუზის შემდეგ მოდელი უსაფრთხოების მწვერვალს დაუბრუნდა. Nissan-ის სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის ავტომატური დამუხრუჭება, ქვეითთა და ველოსიპედისტთა დეტექცია, ზოლის დაკავების ასისტენტი და ბრმა ზონების მონიტორინგი, რამაც მოდელს Top Safety Pick+ ჯილდო მოუტანა.

Mazda 3 (სედანი და ჰეჩბექი, 2026)
თუ 2026 წლის IIHS-ის ლიდერთა დაფაზე რომელიმე ბრენდი დომინირებს, ეს Mazda-ა. იაპონურმა მწარმოებელმა წელს სულ ცხრა Top Safety Pick+ ჯილდო მოიპოვა სხვადასხვა სეგმენტში. მათ შორის Mazda 3-ის წყვილმა (სედანმა და ჰეჩბექმა) ტესტები ბრწყინვალედ ჩააბარა და IIHS-ის შედეგების გვერდი მწვანე შეფასებებით შეავსო.

Kia K4 (სედანი, 2026)
ახალი Kia K4 ერთადერთი არაიაპონური ავტომობილია, რომელმაც 2026 წელს მცირე ზომის სეგმენტში TSP+ ტიტული დაიმსახურა (მხოლოდ სედანის ძარით). თუმცა, მიუხედავად უმაღლესი ჯილდოს მიღებისა, მისი ქულები შეჯახების აცილებისა და უსაფრთხოების ასისტენტების ნაწილში ოდნავ ჩამოუვარდება ზემოთ ჩამოთვლილ იაპონურ კონკურენტებს.

ვინ ვერ მოხვდა „პლუსიან“ სიაში? ისეთმა პოპულარულმა მოდელებმა, როგორებიცაა 2026 წლის Honda Civic Hatchback-ი და Hyundai Elantra, მხოლოდ სტანდარტული Top Safety Pick ჯილდო მიიღეს. Civic-ის შემთხვევაში „პლუსის“ მიღებას ხელი ქვეითთა შეჯახების აცილების შედარებით დაბალმა ქულამ და ღვედის შეხსენების სუსტმა სისტემამ შეუშალა.