Aa Aa
13 მარტი 2020  |  13:00

მონათესავე კავშირები: Kia Optima vs Hyundai Sonata

2019 წლის Kia Optima და Hyundai Sonata - ორი საშუალო ზომის სედანი, ორი ძალიან მსგავსი და ამავდროულად განსხვავებული ავტომობილია. ეს ორი ავტომობილი თავის კლასში მხოლოდ ლიდერებს: Toyota Camry და Honda Accord-ს - ჩამორჩებიან. „სონატას“ და „ოპტიმას“, დაბალი საწყისი ფასის და ხანგრძლივი საგარანტიო პირობებიდან გამომდინარე, ავტომობილის ყიდვისას საინტერესო ვარიანტად შეიძლება გაითვალისწინოთ.

„ჰიუნდაი“ და „კია“ ორი კორეული შვილობილი კომპანიაა. განსხვავებული დიზაინის მქონე „სონატა“ და „ოპტიმა“ ერთმანეთს საკვანძო აგრეგატებს და სხვა დეტალებს უზიარებენ.

თქვენთვის რომელია საუკეთესო? ქვემოთ ჩვენ განვიხილავთ, რა სხვაობებია ამ ავტომობილებს შორის და სხვადასხვა კრიტერიუმებით შევაფასებთ იმისათვის, რომ გავიგოთ, რომელია უკეთესი. კრიტერიუმები კი ყველა ის ფაქტორია, რომლებზეც საშუალო ზომის სედანის მყიდველი ყურადღებას აქცევს. ამ ორ ავტომობილს ძალიან ბევრი მსგავსება აქვს, ამიტომ, საბოლოო ჯამში, თქვენზე არის დამოკიდებული თუ რომელ ავტომობილს აირჩევთ.

ფასი
გამარჯვებული : 2019 Hyundai Sonata

Hyundai Sonata-ს საწყისი ფასი, Kia Optima-სთან შედარებით, სულ ოდნავ არის დაბალი. Sonata SE-ს საწყისი ფასი შეადგენს 22 300$, ხოლო Optima LX-ის - 22 900$. ავტომობილების უმაღლესი კომპლექტაციები, Sonata Limited 2.0T და Optima SX ღირს 31 900$.

Kia Optima და Hyundai Sonata საშუალო ზომის საფასო სეგმენტის ქვედა ზღვარში მოთავსდნენ.

საწვავის ხარჯი
გამარჯვებული : 2019 Hyundai Sonata

შეიძლება, გაგიკვირდეთ, რომ ამ კრიტერიუმში გამარჯვებული არის სონატა, მაგრამ ასეა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სედანს ანალოგიურ კომპლექტაციებში ერთნაირი ძრავა აქვს, „სონატამ“ „ოპტიმას“ წვის ყველანაირ ასპექტში აჯობა.

საბაზო 2,4-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავის წვა, რომელიც სონატაში დევს, ქალაქში 9 ლიტრს შეადგენს, ტრასაზე - 6,7 ლიტრს. „ოპტიმას“ შემთხვევაში, იმავე 2,4-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავით, ქალაქში წვა რადიკალურად განსხვავებული არ არის და 9,4 ლიტრს 100 კილომეტრზე, ხოლო ტრასაზე, სონატას ანალოგიურად, 6,7 ლიტრს შეადგენს.

თუ ამ ორი სედანის ყველაზე მძლავრ კომპლექტაციებს გადავხედავთ, „სონატა“ თავის პოზიციებს „ოპტიმას“არ უთმობს.

თუ უფრო ეკონომიურ ვარიანტს ეძებთ, 1,6-ლიტრიანი 4-ცილინდირიანი ტურბო-დაბერვის მქონე ძრავა თქვენთვისაა შექმნილი. ამ ძრავებშიც კი „სონატამ“ „ოპტიმას“ აჯობა თავისი 8,4/6,4 ლიტრი წვით ქალაქში/ტრასაზე 100 კილომეტრზე „ოპტიმას“ 8,7/6,4 წვასთან შედარებით.

ჩვენ არ დაგვავიწყდა საქართველში ყველაზე პოპულარული ძრავის ტიპიც: ჰიბრიდი. ამ ორი სედანის ჰიბრიდული ვერსიების წვა ერთნაირია: 6 ლიტრი ქალაქში და დაახლოებით 5,2 ლიტრი ტრასაზე. ასევე Sonata Hybrid და Optima Hybrid დატენვადი (Plug-in) ჰიბრიდების ვერსიებიც არსებობს.

თუმცა, წვის ეს მაჩვენებლები საშუალო ზომის სედანების კლასში საუკეთესო არ არის. გასაკვირიც არაა, რომ მათ კლასის ლიდერებმა, ანალოგიური კომპლექტაციების Toyota Camry-მ და Honda Accord-მა აჯობეს.

სავარძლების კომფორტი
გამარჯვებული: 2019 Kia Optima

ამ ორი მოდელის სალონში ხუთი ადამიანი თავისუფლად მოთავსდება. ორივე სედანის წინა სავარძლები საკმაოდ ტევადია და შესანიშნავი გვერდითა დამჭერებით არის აღჭურვილი, რაც შორ მანძილებზე სიარულს კომფორტულს ხდის. ასევე უკანა სავარძლებზე საკმაოდ დიდი სივრცეა, რაც ჯდომისას ფეხებისთვის დისკომფორტს არ ქმნის. ერთადერთი მინუსი, რის გამოც „სონატა“ ამ კრიტერიუმში აგებს, არის ჭერი, რომლის უკანა მხარე უფრო მეტად დაბალია „ოპტიმასთან“ შედარებით. მაღალ ადამიანებს მან შეიძლება დისკომფორტი შეუქმნას.

ინტერიერის მასალები და ხარისხი
გამარჯვებული: ფრე

ორივე სედანის სალონი კარგად აწყობილი და მაღალი ხარისხის მატერიალებისგან არის დამზადებული. წინა თაობებთან შედარებით, 2019-წლიან „ოპტიმას“ და „სონატას“ სალონი ბევრად გაუმჯობესდა. საწყისი კომპლექტაციების სალონი ორივე სედანში საკმაოდ მოსაწყენია და არაფრით გამოირჩევა. უმაღლეს კომპლექტაციებში კი სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია: მეტი კომფორტი, მეტი ძვირიანი მასალებისგან დამზადებული ელემენტები და ,შეიძლება ითქვას, აღმაფრთოვანებელი დიზაინი გხვდებათ.

საბაზო კომპლექტაციის სალონი საკმაოდ გამძლე ნაჭრის სავარზლებითაა აღჭურვილი. საშუალო კომპლექტაცებში უკვე ტყავის წინა სავარძლები გათბობით გხვდებათ და უმაღლეს კომპლექტაციაში კი ვენტილირებადი ტყავის სავარძლები გათბობითაც კი არსებობს. ამ ყველაფერს „ოპტიმას“ შემთხვევაში პანორამული სახურავიც ემატება.

ფუნქციები და კომპლექტაციები
გამარჯვებული: 2019 Kia Optima


როგორც უკვე ავღნიშნეთ, „ოპტიმას“ საბაზო კომპლექტაციის ღირებულება 22 900$-ს შეადგენს, მაგრამ სონატასთან შედარებით ბევრად უფრო მეტი აღჭურვილობით გამოირჩევა, რომელიც სონატაში ფასიანია. ის აღჭურვილობა და ფუნქციები, რაც „ოპტიმას“ აქვს, სონატასთან 600$-იან სხვაობას ქმნის. მაგალითად, „ოპტიმას“ საბაზო კომპლექტაციაში შედის წინა ელექტრო სავარძლები, გვერდითა სარკეები გათბობით და LANE KEEP ASSIST (სწორხაზოვანი სიარულის დამხმარე სისტემა). „ოპტიმას“ ასევე 20 სანტიმეტრი დიაგონალის მქონე მულტიმედიის სენსორული ეკრანი აქვს, „სონატას“ კი მხოლოდ 17-სანტიმეტრიანი.

ერთი რამ, რაც საერთო აქვთ და ქების ღირსია - მომხმარებელზე მორგებული ინფორმაციულ-გასართობი სისტემა.

ბარგის ტევადობა
გამარჯვებული: 2019 Hyundai Sonata

2019 წლის Hyundai Sonata-მ Kia Optima-ს საბარგულის მოცულობაშიც აჯობა. თუმცა განსხვავება დიდი არ არის, ერთი პატარა ჩანთით მეტი თუ ჩაეტევა, მაგრამ რა ვქნათ, ციფრები ციფრებია და შეფასება ობიექტური რომ გამოგვივიდეს, პირველ რიგში მათ უნდა შევხედოთ. ოპტიმას საბარგულის მოცულობა 425 ლიტრს შეადგენს, ხოლო სონატას - 461 ლიტრს.

ორივე სედანში უკანა სავრძლები, 60/40-ზე შეფარდებით, დაკეცვადია, რაც საბარგულიდან სალონში დამაკავშირებელს ხდის ავტომობილში არასტანდარტული, გრძელი ნივთების მოსათავსებლად. ორივე ავტომობილის საბარგულს „ხელების გარეშე“ (Hands-free) ფუნქცია აქვს. ავტომობილი გასაღებს დისტანციურად აღიქვამს და საბარგულს ავტომატურად აღებს.

საიმედოობა
გამარჯვებული: ფრე

სამწუხაროდ, ამ სედანების საიმედოობის ოფიციალური შეფასებების შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა და თქვენ შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ, ჩვენ ტყუილების და ზღაპრების წერას არ დავიწყებთ. თუმცა დღევანდელი რეალობა ისაა, რომ „კიას“ და „ჰიუნდაის“ ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო საგარანტიო პირობები აქვთ. ზოგადი გარანტია - 5 წელი ან 100 000 კილომეტრი გარბენი, აგრეგატებზე გარანტია - 10 წელი ან 160 000 კილომეტრი გარბენი.

აჩქარება
გამარჯვებული: ფრე

იქიდან გამომდინარე, რომ ორივე ავტომობილს საერთო ძრავა აქვს და თითქმის ერთი და იგივე მასას იწონიან, ვერ ვიტყვით, რომ ერთი მეორეს საბურავების კვამლსა და გამონაბოლქვში დაკარგავს. საშუალო ზომის სედანებს შორის, სწორად რომ საშუალო მონაცემები აქვთ. ყველაზე მძლავრი აგრეგატი ორივე ავტომობილისთვის 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ტურბოდაბერვის მქონე ძრავია, რომელიც 245 ცხენისძალას გამოიმუშავებს, რაც ქალაქში სასიარულოდ აბსოლუტურად საკმარისია და ტრასაზე სხვების გასწრებისას თავს არ მოგაბეზრებთ.

სიარულის ხარისხი და მართვა
გამარჯვებული: ფრე

ამ კრიტერიუმშიც კორეულმა მეგობრობამ , უფრო სწორად, ოჯახის წევრობამ გაიმარჯვა. ორივე სედანი ყველას სახის საფარზე კომფორტული და რბილია. პროგნოზირებადი მართვითა და დინამიკით გამოირჩევა. თუმცა, Mazda 6-ის მოხვევის კუთხე რომ ჰქონოდათ, უკეთესი იქნებოდა.

ორივეს, „ოპტიმას“ და „სონატას“, მართვის რამდენიმე ელექტრონული რეჟიმი აქვს, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს ავტომობილის მართვა და დინამიკა ინდივიდუალური არჩევნიდან გამომდინარე შეცვალოს.

უსაფრთხოება
გამარჯვებული: 2019 Kia Optima

უსაფრთხოებას რაც შეეხება, „ოპტიმამ“ „სონატას“ ყველა ასპექტში მცირედი განსხვავებებით აჯობა. National Highway Traffic Safety Administration (NHTSA)-ის მონაცემების მიხედვით, „ოპტიმამ“ crash test-ში უკეთესი შედეგები და უფრო მაღალი ქულა მიიღო.

Institute for Highway Safety (IIHS)-ის შეფასებიდან გამომდინარე, ორივე ავტომობილს უმაღლესი ჯილდო, Top Safety Pick+ მიანიჭეს.


გაიმარჯვა...
2019 Hyundai Sonata

2019 წლის Kia Optima და Hyundai Sonata, ჩვენს უკომპრომისო და სუბიექტურ შედარებაში, ორივე თანაბრად ძლიერი მოწინაღმდეგე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ „ოპტიმამ“ 2019 წლის მოდელში საკმაოდ ბევრი კარგი ცვლილება შეიტანა, „სონატას“ უფრო დაბალი ფასი, უფრო დიდი საბარგული და წვის უკეთესი მაჩვენებლები ჩვენს შედარებაში პირველობის მიღწევაში გადამწყვეტი ფაქტორები გახდა.

ნამდვილად, „ოპტიმას“ საბაზო კომპლექტაციაში მეტი აღჭურვილობა შედის და უკეთესი დიზაინი აქვს, რომელიც შეიძლება მოგწონდეთ, შეიძლება არა, მაგრამ „სონატას“ ყველა ასპექტის კომპეტენციას და რაციონალურობას ვერაფერი აჯობებს.

ვერაფერი აჯობებს, მანამ, სანამ Toyota Camry-ს და Honda Accord-ის არსებობა არ გაგახსენდებათ, რომლებსაც საშუალო ზომის სედანების სეგმენტში ლიდერების პოზიცია უკავიათ. Mazda 6 და Ford Fusion ასევე სეგმენტის ტოპ ათეულში შედის. ოთხივე ავტომობილი უფრო საინტერესო სამართავია ვიდრე „სონატა“ და „ოპტიმა“. ამ ყველაფერთან ერთად „ქამრიმ“ და „აკორდმა“ დიზაინის განახლებები ახლახანს მიიღეს.

საბოლოო ჯამში, როგორც დასაწყისში ვახსენეთ, თქვენი გადასაწყვეტია, რომელ ავტომობილს აირჩევთ.

 

 

გაზიარება: