Volkswagen, ელექტრომობილები, ფოლკსვაგენი, ტექნოლოგიები, Volkswagen ID.3, Volkswagen ID.4, Volkswagen ID.5, Volkswagen ID.7 Tourer
Aa
Aa

Volkswagen მომხმარებელს შეძენილი ელექტრომობილების უკან დასაბრუნებლად 100 დღეს მისცემს

Volkswagen ბრიტანელ მომხმარებელს საინტერესო შეთავაზებას უკეთებს. ინიციატივის მიხედვით, მათ შესაძლებლობა ექნებათ, 100 დღეში გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ელექტრომობილის უკან დაბრუნება. უცნაურია, არა? კარგი, უკეთ აგიხსნით.

ჩათვალეთ, ეს გახანგრძლივებული ტესტ-დრაივია, რომლის ფარგლებშიც შეგიძლიათ, იყიდოთ ავტომობილი, იმოგზაუროთ, იყოთ მისი მფლობელი 100 დღის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოთ, გსურთ თუ არა, საბოლოოდ დაეპატრონოთ მას. 

პროგრამა მიმდინარე წლის 3 ნოემბრიდან 2026 წლის 31 მარტამდე გაგრძელდება და გამიზნულია იმ ადამიანების დასარწმუნებლად, რომლებსაც ელექტრომობილები აინტერესებთ, თუმცა ყოყმანობენ, რამდენად სურთ მისი ყიდვა. 

ფოლკსვაგენის შემოთავაზება შემდეგ მოდელებს ეხება: ID.3; ID.4; ID.5 და ID.7 Tourer. თუ ამ „ტესტდრაივის“ შუაში გადაწყვეტთ, რომ დამმუხტველთან დგომა და ლოდინი არ არის ის, რაც გსურთ, შეგიძლიათ მანქანა დილერს უპრობლემოდ დაუბრუნოთ. 

გერმანული ავტომწარმოებელი თანხის 97%-ს უკან დაგიბრუნებთ. 3% საფასურია, რომლის გადახდაც მომხმარებელს მოუწევს. რა თქმა უნდა, თუ მანქანა დაზიანდება, უკან დასაბრუნებელ თანხას ეს ხარჯებიც დააკლდება.  

რატომ თვლის VW, რომ ეს იმუშავებს

ფოლკსვაგენის ბრიტანული ოფისის ხელმძღვანელის, როდ მაკლეოდის თქმით, პროგრამა ელექტრომობილების მფლობელებზე დაკვირვებით იქნა შემუშავებული.

„დროდადრო მომხმარებლები გვეუბნებიან, რომ დიზელისა და ბენზინის ძრავებს არასდროს დაუბრუნდებიან, თუმცა ზღვარზე ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი დგას. ეს შესანიშნავი შანსია მათთვის, რათა ჯერ ატარონ ჩვენი ელექტრომობილი და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მშვიდად მიიღონ" — განაცხადა მაკლეოდმა.

Volkswagen-ს სურს, მისცეს შანსი იმ მძღოლებს, რომლებიც ყოყმანობენ. შესაბამისად, კომპანია იმედს იტოვებს, რომ ფინანსური უსაფრთხოების ამ ბერკეტის შეთავაზებით, მათ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებიან. ვინ იცის, იქნებ ამ მძღოლების დიდ ნაწილს მართლაც მოეწონოს ID სერია?

მსგავსი სიახლეები