საქართველოს ავტოპარკი 1.9 მილიონ ავტომობილს ითვლის | როგორია საწვავის საცალო ბაზრის მიმოხილვა
„თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშის თანახმად, საქართველოს ნახშირწყალბადების მოხმარება, მათ შორის ბენზინისა და დიზელის, თითქმის სრულად იმპორტზეა დამოკიდებული. ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში 918 მილიონი ლიტრი ბენზინისა და 770 მილიონი ლიტრი დიზელის იმპორტი განხორციელდა - ორივე შემთხვევაში სახეზე გვაქვს მზარდი ტენდენცია.
„თიბისი კაპიტალი“ ქვეყნის ავტოპარკის მზარდი ტენდენციის ფონზე, იმპორტის ზრდას ვარაუდობს. კვლევის თანახმად, მხოლოდ 2025 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში ავტომობილების რაოდენობა 125.3 ათასით გაიზარდა - აქედან 61% ბენზინზე მომუშავე, 21% ჰიბრიდული და 14%-იც დიზელზე მომუშავე ძრავით.

შედეგად, არსებული მდგომარეობით საქართველოს ავტოპარკი დაახლოებით 1.9 მილიონ ავტომობილს მოიცავს. მათგან, „თბილისი კაპიტალის“ მონაცემებით, ავტოპარკის 23%-ს დიზელის ძრავა იკავებს, ხოლო ყველაზე დიდ ნაწილს, 64%-ს ბენზინის ძრავა. საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნული 1.9 მილიონი ავტომობილიდან ჰიბრიდულძრავიანი სულ 12%-ია, თუმცა მათი უმრავლესობაც ძირითად საწვავად ბენზინს მოიხმარს.
„2024 წელს საქართველოსთვის ბენზინის მთავარი მომწოდებლები ბულგარეთი (32%), რუსეთი (26%), და რუმინეთი (24%) იყვნენ. საექსპორტო შეზღუდვებისა და კვოტების შედეგად, საქართველოს იმპორტში რუსეთის წილი 2022-2023 წლების შემდეგ შედარებით შემცირდა. 2024 წელს საქართველოს დიზელის იმპორტის 74% რუსეთიდან, ხოლო 14% აზერბაიჯანიდან განხორციელდა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
საქართველოში უმსხვილეს მოთამაშედ კვლავ ვისოლი რჩება, რომელიც ბაზრის 26%-ს იკავებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბაზრის 5 მთავარი მოთამაშის ამონაგები 2024 წელს 3.3 მილიარდი იყო, რაც გასულ წელთან შედარებით 33%-ითაა გაზრდილი. ცნობისთვის, 2024 წელს, 1 ლიტრი ბენზინისთვის საცალო ბაზარზე საშუალო ფასი 3.1 ლარს, ხოლო დიზელისთვის 3.3 ლარს შეადგენდა.