ჩინური BYD ევროპული ცენტრის გახსნას გეგმავს
ელექტრომობილების მწარმოებელი ჩინური გიგანტი BYD უნგრეთში ევროპული ცენტრის გახსნას გეგმავს. განცხადება, სამომავლო გეგმების შესახებ, ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე BYD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და პრეზიდენტმა, ვანგ ჩუანფუმ გააკეთა.
ვანგის თქმით, უნგრეთში დაფუძნებული ახალი ევროპული ცენტრი 2 000 სამუშაო ადგილს შექმნის და სამ ძირითად ფუნქციას შეითავსებს. ის იქნება გაყიდვებისა და გაყიდვების შემდგომი მომსახურების, ტესტირებისა და კომპანიის მოდელების ადგილობრივი ვერსიების შემუშავების ცენტრი.
ჩინური კომპანია ბოლო პერიოდია ევროპაში ფეხის მყარად მოკიდებას ცდილობს. მთავარი მიზანი ევროპის ბაზრის ათვისება და შიდა ტარიფებისგან გათავისუფლებაა. ევროპის რეგიონში ქარხნების აშენებით, ჩინურ კომპანიას წარმოების ნაწილი კონტინენტზე გადმოაქვს და ხარჯებსაც მნიშვნელოვნად ამცირებს.
პირველი ევროპული ქარხანა BYD-მ 2016 წლის აპრილში, უნგრეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ კომარომში ააშენა. ობიექტი ელექტრო ავტობუსების წარმოებაზეა ფოკუსირებული. მეორე უნგრული ქარხანა, რომელიც ელექტრომობილებს აწარმოებს, მშენებლობის პროცესშია.
უნგრეთი, ევროპის სხვა ქვეყნების პოზიციას არ იზიარებს, და მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკასთან ახლო კავშირების შენარჩუნებას ცდილობს. ქვეყანამ ჩინეთთან პარტნიორობის გაძლიერება ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო. დაახლოებით 10 წლის შემდეგ კი, ეს პარტნიორობა მსგავსი სახის ინვესტიციებში გადაიზარდა.