De Tomaso-ს მინიმალისტური სუპერქარი მექანიკის მოყვარულებისთვის წლის საჩუქარია
აღორძინებული იტალიური ბრენდი De Tomaso 2019 წელს P72-ის ულამაზესი პროტოტიპით გამოჩნდა. თუმცა ამ დღიდან ექვსი წლის განმავლობაში ავტომწარმოებლისგან ბევრი აღარაფერი გვსმენია იმის შესახებ, თუ როდის ჩაეშვებოდა მისი ახალი მოდელი საბოლოო წარმოებაში.
დღეს ეს ყველაფერი შეიცვალა. De Tomaso-მ თავისი პირველი საჯარო ტრასებისთვის ლეგალური მოდელი წარადგინა. იტალიური ბრენდის დაპირებით, P72-ს მიწოდება მიმდინარე წელს დაიწყება. და რა მთავარია, De Tomaso-ს საწარმოო მანქანაც, პროტოტიპის მსგავსად, გასაოცარი სილამაზით გამოირჩევა.
როგორც გითხარით, მასობრივი წარმოებისთვის გათვლილი P72 ვიზუალურად ორიგინალური პროტოტიპისგან დიდად არ განსხვავდება. ეს კი, ამ მოდელის მოყვარულთათვის კარგი ამბავია. დიზაინი 1965 წლის De Tomaso P70-ითაა შთაგონებულია, რომელიც კომპანიის დამფუძნებელ ალეხანდრო დე ტომასოსა და კეროლ შელბის თანამშრომლობით შეიქმნა.
ეს კონკრეტული მოდელი კაშკაშა თეთრადაა შეღებილი და ვარდისფერი და მოოქროსფრო ზოლები გასდევს - სარკისებრი თავსახურებით, აქცენტებით და შესაბამისი დისკებით. დისკების დიზაინიც მსგავსია პროტოტიპის, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს ვიხილეთ. De Tomaso-ს შეფასებითვე, ამ მოდელის ძარა სტრუქტურული სისუფთავის „ახალ სტანდარტს“ აწესებს.
სისუფთავეზე საუბრისას, თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს მოდელი ზედმეტი გადატვირთულობისგან სრულად თავისუფალია. ინტერიერში ვერც ეკრანებსა და საინფორმაციო-გასართობი სისტემას შეხვდებით. ინტერიერი შექმნილია იმისთვის, რომ მძღოლებმა ყურადღება მხოლოდ ავტომობილის მართვაზე გადაიტანონ.
P72-ის მოდელი 5-ლიტრიანი V8 სუპერჩარჯერ ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ავტომწარმოებლის ინფორმაციით, სპეციალურად მისთვის დამზადდა. ადრე, De Tomaso-მ ძრავის შესახებ განაცხადა, რომ ის Ford Coyote V8-დან იყო მიღებული და Roush-ის მიერ მოდიფიცირდა - რაც შესაძლოა სიმართლეს ახლაც შეესაბამებოდეს.
ყოველ შემთხვევაში, ვიცით, რომ P72-ის V8 ძრავა 7000 ცხენის ძალასა და 800-ზე მეტ ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ექვსსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის საშუალებით კი, ძრავიდან წამოსული სიმძლავრე სრულად უკანა ბორბლებზე ნაწილდება. De Tomaso 0-დან 100-მდე მოდელის აჩქარების მაჩვენებლებს არ აქვეყნებს, თუმცა აცხადებს, რომ P72 მაქსიმალური სიჩქარის დომინირებისთვის შექმნილი არ არის.
„P72 ჩვენი მხრიდან ერთგვარი დაპირებაა: ერთგულად აღვადგინოთ ისტორიული ბრენდი. ჩვენი პირველი, მასობრივი წარმოების ავტომობილი, განასახიერებს ყველაფერს, რაზეც ჩვენი ბრენდი დგას: მექანიკურ სულს, მარადიულ სილამაზეს და მართვის გამოცდილებას, რომელიც თანამედროვე კონვენციებზე მაღლა დგას. ეს არის ჩვენი გამოძახილი დროში, რომელიც ახლა უკვე რეალობად ვაქციეთ“.