ფორმულა 1, მაქს ფერსტაპენი, ჯორჯ რასელი, მერსედესი, რედ ბული, ტოტო ვულფი
Aa
Aa

„ეს შესანიშნავი რამ იქნებოდა, სწორედ ამისთვის ვიბრძვით“ | ფერსტაპენი Mercedes-ში გადასვლაზე კითხვებს პასუხობს

„ფორმულა 1“-ის მოქმედი ჩემპიონის, მაქს ფერსტაპენის Mercedes-ის გუნდში შესაძლო გადასვლაზე გასულ თვეში აქტიურად იწერებოდა. ამის შესახებ განცხადება თავდაპირველად Mercedes-ის პილოტმა, ჯორჯ რასელმა გააკეთა, შემდგომ კი, ნიდერლანდელთან მოლაპარაკებები გუნდის ხელმძღვანელმა, ტოტო ვულფმაც დაადასტურა.

Red Bull-ის პირველ მრბოლელს ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა კითხვები პრესკონფერენციის დროს დაუსვეს. თუმცა ფერსტაპენმა Mercedes-ში გადასვაზე ჭორები უარყო და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი მიღწევა იქნება, თუ F1-ის კარიერას სრულად Red Bull-ში გაატარებს. ცნობისთვის, Red Bull-თან კონტრაქტი ფერსტაპენს 2028 წლამდე აკავშირებს, თუმცა ხელშეკრულება მას გუნდის ნაადრევად დატოვების უფლებას უტოვებს.

ხუთშაბათს, სილვერსტოუნზე გამართული პრესკონფერენციისას, ჟურნალისტებმა ფერსტაპენს ჰკითხეს, წარმოუდგენია თუ არა „ფორმულა 1“-ის სხვა გუნდში ასპარეზობა, რაზეც ნიდერლანდელმა შემდეგი პასუხი გასცა:

„ეს უნდა უარვყო, რადგან თუ დავადასტურებ, ამ საკითხთან დაკავშირებით გამოცემები კვლავ გააგრძელებენ წერას, რაც არ მინდა. ჩემი გუნდის წევრებს ყოველთვის ვუზიარებდი ჩემ სურვილს, და მგონია, რომ ისინიც თანახმა არიან, რომ ჩემი კარიერა ერთ გუნდში გავატარო. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი რამ იქნებოდა, და სწორედ ამის მიღწევისთვის ვიბრძვით“.

ფერსტაპენმა Red Bull-თან ერთად ზედიზედ ოთხი გამარჯვება იზეიმა, თუმცა წელს მის დომინაციას საფრთხე McLaren-ის პილოტებისგან ემუქრება. ნიდერლანდელი ამ თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ დრომდე მისმა გუნდმა ბევრ წარმატებას მიაღწია და შესაძლოა ეს სეზონი ისეთი არ იყოს, როგორიც მათ სურთ, თუმცა ასეც ხდება.

 

მსგავსი სიახლეები