რა გახდა Liverpool-ის ფეხბურთელის, დიოგუ ჟოტას, ტრაგიკული ავტოავარიის მიზეზი?
პორტუგალიის ნაკრებისა და Liverpool-ის შემტევი, 28 წლის დიოგუ ჟოტა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. მასთან ერთად, ავტოკატასტროფის დროს დაიღუპა მისი უმცროსი ძმაც, პორტუგალიური Penafiel-ის 26 წლის ფეხბურთელი ანდრეს ჟოტა. შემთხვევა ესპანეთში, ზამორას პროვინციაში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ძმები Lamborghini-ს მარკის მოდელით გადაადგილდებოდნენ. Lamborghini-მ ტრასაზე მიმავალი მანქანის გადასწრება სცადა, რა დროსაც საბურავი გაუსკდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ავარიის შედეგად, Lamborghini-ის ცეცხლი გაუჩნდა და ორივე მგზავრი ადგილზე დაიღუპა.
დიოგუ ჟოტა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ იქორწინა, ესპანეთში ოჯახთან ერთად, დასასვენებლად იმყოფებოდა. Liverpool-ის ფეხბურთელს მეუღლე და სამი შვილი დარჩა. ჟოტა „პრემიერ ლიგის“ კლუბს 2020 წელს, £41-მილიონიანი კონტრაქტით შეუერთდა.
ზამორას პროვინციაში მომხდარ ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით განცხადება, შემთხვევიდან მცირე დროში, ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ გამოქვეყნა: „ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, Lamborghini-ის მარკის მოდელის ავტოსაგზაო შემთხვევა, გადასწრების დროს, საბურავის გახეთქვამ და გზიდან გადასვლამ გამოწვია. შემთხვევა ადგილობრივი დროით 00:30-ზე მოხდა, ზამორას პროვინციაში. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და ორი მგზავრი დაიღუპა“.