გეიტსის უცნაური არჩევანი | რა მანქანას მართავს Microsoft-ის დამფუძნებელი ყოველდღიურად?
Microsoft-ის დამფუძნებელმა წლების განმავლობაში მილიარდები გამოიმუშავა და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორისაც ადგილი დაიმკვიდრა. ასე რომ, არავის უკვირს, რომ ამერიკელი ბიზნესმენის ავტოფარეხში უხვადაა ძვირადღირებული ავტომობილები. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, თავად ყოველდღიური მართვისას არჩევანს ერთ კონკრეტულ ავტომობილზე აკეთებს.
ავტომობილებისადმი სიყვარულსა და მის კოლექციაზე გეიტსმა ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა. მილიარდერს არც Porsche-ს მოდელებით მისი გატაცება დავიწყებია, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მის ავტოფარეხში ახლა უკვე Porsche 959 და Porsche Taycan EV ინახება. წარსულში კი გეიტსი Porsche 930 Turbo-საც ფლობდა.
ეს ყველაფერი გასაგებია და Porsche-ს მოდელებში დიდი ფულის გადახდა არც არავის უკვირს. თუმცა მისი ყოველდღიური არჩევანი, ალბათ, ბევრს გააოცებს. გაირკვა, რომ გეიტსი ყოველდღიურად გადაადგილებისთვის ელექტრომობილს, Tesla Model X-ს იყენებს. ამ მოდელის საჭესთან წარსულში ბევრი ცნობილი ადამიანი გვინახავს, თუმცა რატომ არის გეიტსის არჩევანი გასაკვირი?
საქმე იმაშია, რომ მილიარდერს Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორთან არცთუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს. Microsoft-ის დამფუძნებელი წლების განმავლობაში ცდილობდა ილონის დარწმუნებას, რომ სიმდიდრის უმეტესი ნაწილი საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოეყენებინა. ამასთან ერთად, მილიარდერებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ რიგ საკითხებზე - მათ შორის ადამიანების მარსზე გადაყვანის თემაზე.
თუმცა, როგორც გეიტსი ამბობს, Model X ოჯახური ტიპის მანქანაა და, შესაბამისად, კომფორტულია გამოსაყენებლად. შვიდი სავარძლით, მოდელი თითქმის იდეალურად ერგება სამი შვილის მამის მოთხოვნებს. სწორედ ამ ფაქტის გამო, გეიტსი მის სხვა ავტომობილებს ავტოფარეხში „ასვენებს“, თავად კი ყოველდღიურად Tesla-ს ელექტრომობილის საშუალებით გადაადგილდება.