ავტოფურგონი თუ პენტჰაუსი? | Brabus-ის $1.6-მილიონიანი „ავტოსახლი“
Brabus Big Boy 1200 მხოლოდ ახალი ავტოფურგონი არაა. ის მოძრავი ფუფუნების სამყაროში ბრენდის პირველი ნაბიჯია. ამის მიუხედავად, Brabus-მა თავისი სადებიუტო ნაშრომითაც მოახერხა და მან მსოფლიო დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, Red Dot Award-ი მოიპოვა.
წლის საუკეთესო დიზაინის მქონე ავტოფურგონად დასახელებული Brabus-ის ღირებულება $1.6 მილიონს აღწევს. აღნიშნული პროექტი Brabus-ისა და ბელგიური კომპანია STX Motorhomes-ის ერთობლივი ნამუშევარია. განსაკუთრებით საინტერესო კი, მის შემთხვევაში ის ფაქტია, რომ ეს სატრანსპორტო საშუალება ტექნიკურად ავტოფურგონია, თუმცა რეალურად, ის უფრო მოძრავ პენტჰაუსს ჰგავს.
Brabus-ის „ავტოსახლი“ 12 მეტრის სიგრძისაა და სამეფო ზომის საწოლით, სპა სტილის აბაზანით, ტექნიკით უზრუნველყოფილი სამზარეულოთი, მისაღები ოთახით, PlayStation 5-ით, ორი 43-ინჩიანი 4K ტელევიზორით, WiFi-თ და სახურავზე მზის პანელებითაა აღჭურვილი.
Big Boy 1200 ელექტროსისტემისგან სრულად დამოუკიდებლად მუშაობს, რასაც ინტეგრირებული მზის პანეებით, სარეზერვო გენერატორით, მაღალი სიმძლავრის აკუმლატორით ახერხებს. თუმცა, ამ მოდელის უპირატესობა, მის დიზაინთან ერთად შესაძლებლობებშიც იმალება.
კერძოდ კი, Brabus-ის „დიდი ბიჭი“ 12.8-ლიტრიანი ტურბოდიელის ძრავითაა აღჭურვილი. შედეგად, მოდელი 530 ცხენის ძალას და წარმოუდგენელ 2 700 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.
Red Dot-ის ჟიური თავის მთავარ ჯილდოს მარტივად ნამდვილად არ გასცემს. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს სტატუსი, როგორც წესი, მხოლოდ ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებს, მოდასა და არქიტექტურას ენიჭება.
ცნობისთვის, Big Boy მხოლოდ შეკვეთით მზადდება და მყიდველზეა მორგებული. ეს ექსკლუზიურობა კი, რომელსაც Brabus-ი გთავაზობთ, მის მაღალ ფასში, $1.6 მილიონშიც გამოიხატება.