„რით ამტკიცებს პატრული, რომ ქარხნული არ არის მაყუჩი?! ვიზუალურად შეფასება თავშივე არასწორია“ - მევლუდ მელაძე
2 ივლისიდან ქვეყანაში აიკრძალა იმ სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, რომელსაც თვითნებურად გადაკეთებული მაყუჩი აქვს.
უფრო კონკრეტულად, თუ მანამდე კანონდარღვევად ითვლებოდა ისეთი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება, რომელსაც თვითნებურად გადაკეთებული ჰქონდა ძარა, საწვავის ავზი ან ბუნებრივი აირის სისტემა, ახლა უკვე თვითნებურად გადაკეთებულად ითვლება ის სატრანსპორტო საშუალებაც, რომელსაც არაქარხნული მაყუჩი აქვს.
ამასთან, თვითნებურად გადაკეთებული ავტომობილის მართვის შემთხვევაში გაორმაგდა ფულადი სანქცია და გაიზარდა მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების შემცირების მაჩვენებელი. კერძოდ, ივლისიდან თვითნებურად გადაკეთებული ავტომობილის მართვისთვის პირი 200 ლარით ჯარიმდება და 30 ქულა აკლდება მართვის მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა სისტემიდან.
როგორც ამ ცვლილების ავტორები განმარტავდნენ, მიუხედავად ხმაურზე არსებული რეგულაციებისა, ქვეყანაში კვლავ პრობლემას წარმოადგენდა ავტომობილის მიერ გამოწვეული ხმაური. შესაბამისად, ახალი რეგულაციების მთავარი მიზეზიც სწორედ ეს გახდა.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტების შეფასებით, პატრულ-ინსპექტორი არ არის აღჭურვილი დეციბელების საზომი ხელსაწყოთი, შესაბამისად, ხმაურის ნორმასაც საკუთარი შეხედულებისამებრ ადგენს და აჯარიმებს.
გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია, კანონის თანახმად, პოლიციელი უფლებამოსილია საკუთარი ეჭვისა და შეხედულების საფუძველზე დაწეროს ჯარიმა, მძღოლი სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს, ავტომობილი კი სპეციალურ სადგომზე გადაიყვანოს.
როგორც ირკვევა პატრულ-ინსპექტორისთვის მინიჭებულმა ამ უფლებამოსილებამ, რომ საკუთარი შეფასების საფუძველზე დაწეროს ჯარიმა, გამოიწვია ის, რომ საჯარიმოზე მათ შორის აღმოჩნდა ისეთი ავტომობილები, რომელთაც ქარხნული გამშვები სისტემა აქვს. აღნიშნულის შესახებ არაერთი მოქალაქე წერს სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ ავტომობილის სპეციალურ სადგომზე გადაყვანის შემდეგ, მძღოლს 10 დღის ვადაში ეძლევა შესაძლებლობა, სამხარაულის ექსპერტიზით დაამტკიცოს, რომ ავტომობილი თვითნებურად გადაკეთებული არ არის. ამასთან, როგორც მძღოლები სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ჯგუფებში წერენ, მხოლოდ ვიზუალური ეფექტის გამო გადაკეთებულ მაყუჩზეც იწერება ჯარიმები, რასაც რეალურად არც ხმასთან და არც უსაფრთხოებასთან კავშირი არ აქვს.
საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ რეგულაცია მიღებულია ან ძალიან გაუაზრებლად, ან პირიქით, ზედმეტად სიღრმისეული გათვლებით. მისი თქმით, ამას თავისთავად ემატება, სანქციებიდან მიღებული ფინანსური სარგებელიც. თუმცა, როგორც მელაძე აღნიშნავს, მთავარი მამოტივირებელი, სავარაუდოდ, მაინც კონტროლის მექანიზმია.
რით ამტკიცებს პატრული, რომ ქარხნული არ არის მაყუჩი?!
„ამ პრობლემის გადაჭრა მარტივად შეიძლებოდა ხმაურის საზომი ხელსაწყოთი, რომელიც ძალიან იაფია. ისიც დასაშვებია, რომ ხმაურზე იყოს შეზღუდვა, მაგრამ ეს ყველგან იზომება დეციბელებით. მეორე მომენტია, შეიძლება, მანქანა აბსოლუტურად ქარხნული იყოს და მაგალითად, მე, ისე გადავაკეთებ ჩემ ქარხნულ მოწყობილობას, ხმას ისეთს მივიღებ, როგორიც მსურს. ამიტომ, ვიზუალურად იმის შეფასება, ქარხნულია თუ არა, თავშივე არასწორია.
ჩემი აზრით, რეგულაცია მიღებულია ან ძალიან გაუაზრებლად, ან პირიქით, ზედმეტად სიღრმისეული გათვლებით. შესაძლოა, მართლაც, ამაზე სიღრმისეულად არავინ იფიქრა, უბრალოდ მიიღეს და აღსრულებაში სერიოზული პრობლემები შეიქმნა, რადგან თვითონ პოლიციელი წყვეტს სუბიექტურად, ქარხნულია, არ არის, ხმაურით შეწუხდა, მოსწონს, არ მოსწონს...
მეორე ვარიანტით, ეს შესაძლოა, არის უბრალოდ დაშინების მექანიზმი, რომ რეჟიმში იყოს ეს ხალხი. მე მაინც ვთვლი, რომ ის ხალხი, ვინც საკუთარ ავტომობილს „ტუნინგს“ ან რამე მსგავსს უკეთებს, მაინც უფრო თავისუფალი მოწყობის გონება აქვს და მათი შეზღუდვის რაღაც ინსტრუმენტია. თორემ, წარმოუდგენელია, ასეთ კანონზე იფიქრო, გადახედო საერთაშორისო გამოცდილებას და რაღაც ნორმალური არ მოიფიქრო. ან ზერელედ უნდა შეხედო ამ ამბავს, ან პირიქით, ზედმეტად სიღრმისეულად და კონტროლის მექანიზმად გამოიყენო. ამ ორიდან ერთია.
ამასთან, ამ ყველაფერს ბიუჯეტის შევსების მომენტიც ემატება. თუმცა, მთავარი მიზეზი, მაინც ეს ორი ვერსია მგონია. იმიტომ, რომ ბიუჯეტის შესავსებად ამხელა კონფლიქტის გავლა, მათთვის სასურველი არ იქნებოდა. ამისთვის შეიძლება სხვა ხერხის გამოყენება. პირობითად, მეტი კამერა დააყენო იმ გზებზე, სადაც სიჩქარის შეზღუდვა მოქმედებს. „მშვენივრად“ წერს ეს კამერებიც ფულს, რატომ შემოაგდებ ისეთ მექანიზმს, რომელიც სერიოზულ კონფლიქტზეა მიბმული. თან როცა იცი, რომ შენს ქვეყანაში ავტომობილების ძირითადი ნაწილი აშშ-დან ჩამოდის. იქიდან, სადაც 17 შტატში ტექდათვალიერება საერთოდ არ არის, მხოლოდ გამონაბოლქვზე ამოწმებენ. მეტიც, ზოგან პირდაპირ დასაშვებია „ტუნინგი“ და ასე დადიან. შესაბამისად, იქიდან ჩამოსული ქარხნული სატრანსპორტო საშუალებაც კი შესაძლოა, ხმაურიანი იყოს და რით ამტკიცებს პატრული, რომ ქარხნული არ არის?!
ამიტომ, არ მგონია, მთავარი მამოტივირებელი თანხის ამბავი იყოს, უფრო ეს პათოსია - „აი, არსებობს სახელმწიფო და მის მიერ მიღებული კანონები უნდა დაიცვას ყველამ,“- ამბობს მევლუდ მელაძე.
ცნობისთვის, ამ საკითხთან დაკავშირებით 20 ივლისს აქცია დაანონსდა.
წყარო - BPN.GE