Brabus-მა Shooting Brake-ის კაბრიოლეტისგან კვლავ კაბრიოლეტი შექმნა | Rocket GTC DEEP RED
Brabus-ის ბრენდი ყველასთვის განკუთვნილი არაა. უფრო მეტიც, მის შეძენას ყველა ვერც კი შეძლებს. სწორედ ეს სტატუსი განაპირობებს ბრენდის ძლიერებასაც და იმ ფაქტს, რომ Brabus-ი ყოველ თავის შემდგომ ქმნილებაში მძღოლებს ახალ და განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.
ამჯერად, Brabus-ი ჩვენს ყურადღებას Rocket GTC DEEP RED-ით იპყრობს, რომლის ძარის ქვეშაც Mercedes-AMG SL 63 S Performance იმალება. ქარხნულად ეს მოდელი 805 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თუმცა, როდის იყო Brabus-ი მხოლოდ „ქარხნულს“ სჯერდებოდა. განახლების სერიის შემდეგ, ამ მოდელის V8 ძრავა ახლა უკვე 985 ცხენის ძალას და განსაცვიფრებელ 1 817 ნმ-ს გამოიმუშავებს.
სინამდვილეში, ეს იმდენად მაღალი მაჩვენებელია, რომ Brabus-ი, კომპონენტების დასაცავად ბრუნვის მომენტს ელექტრონულად ზღუდავს. Brabus-ის ინფორმაციითვე, მოდელი 0-დან 100-მდე 2.6 წამში ჩქარდება და მაქსიმალურ სიჩქარეს 317 კმ/სთ-ზე აღწევს.
Rocket GTC DEEP RED-ის შემთხვევაში, ძარის ყველა პანელი სპეციალურად ამ მანქანისთვისაა შექმნილი და ეს ერთი შეხედვითაც ძალიან კარგად ჩანს. მაგალითისთვის ავიღოთ უნიკალური წინა მაშუქები, თავისი აეროდინამიკური მილებით ანდაც უკანა მაშუქები, რომლებიც ახალი კორპუსის ხაზით უკანა სპოილერს ერწყმის. ძარა სრულად კარბონისაა და DEEP RED-ის ფერშია შეღებილი.
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მოდელში სხვა დეტალია: GTC არსებითად Shooting Brake-ის კაბრიოლეტი ვერსიაა, თუმცა ის თავიდანვე კაბრიოლეტზე იყო დაფუძნებული. ახალი მოდელი Brabus-ის Rocket GTS-ზე, Mercedes-AMG SL 63 S Performance-ის Shooting Brake ვერსიაზე დაფუძნდა. თუმცა ამ შემთხვევაში, სახურავი მთლიანად მოხსნა.
სტანდარტული AMG გერმანული კომპანიისთვის საკმარისად ძვირი არ არის. სწორედ ამიტომ, Brabus-ის ახალი მოდელის ფასი დაახლოებით $810 000 იქნება. ამ მოკრძალებულ თანხად კი, თქვენ Brabus Rocket GTC DEEP RED-ის მფლობელი გახდებით.