საბედნიეროდ, Mansory-მ ამ G-Wagen-ის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი შექმნა
Mansory ალბათ უდავოდ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ტუნერია. მის სტატუსზე კი, კომპანიის მოდიფიცირებული ავტომობილები ყოველთვის მეტყველებენ. ერთია, რომ Mansory-ის მოდელები მუდმივად გამორჩეულია, მეორე კი ის, რომ ამ გერმანული ტუნერის მოდიფიცირებული ვერსიები თითქმის ყოველთვის ექსკლუზიურია.
სწორედ ამ ნაკვალევს მიყვება Mansory-ის უახლესი ქმნილებაც, რომელიც G-Class-ზეა დაფუძნებული და ერთადერთ ეგზემპლარად არსებობს. თუმცა ამავდროულად, ეს ალბათ G-Class-ზე დაფუძნებული ერთ-ერთი ყველაზე უცნაური პროექტია, რომელიც ამ დრომდე გინახავთ.
Mansory-ის მოდიფიცირებული G-Wagen-ი Mansory P820 Linea D’Arabo-ს სახელითაა ცნობილი. მოდელი სრულად მუქი ყავისფერი საღებავითაა დაფარული და მთელ ძარაზე არაბული წარწერები გასდევს.
Mercedes-Benz-ის ქარხნული ნაწილების უმეტესობაც, Mansory-ის ახალი ძარითაა შეცვლილი - ეს მოიცავს სპეციალურად დამზადებულ წინა ფასადს, აგრესიული ბამპერით, ასევე რადიკალურად განსხვავებული სტილის ცხაურას, მოდიფიცირებულ მაშუქებს და ბოლოს, რა თქმა უნდა, Mansory-ის დიდ ლოგოს, რომელიც ცხაურის ცენტრშია განთავსებული. Mansory-მ სახურავზე ექვსი პროჟექტორიც დაამაგრა და წინა და უკანა მხარეს ახალი მაშუქები შემოგვთავაზა.
მარტივი შესამჩნევია, რომ ამ G-Class-ს საბურავების ახალი ნაკრებიც აქვს, აქვეა დასაკეცი გვერდითი საფეხურები და სახურავზე დამონტაჟებული დიდი უკანა ფრთა. დამატებითი დრამატულობისთვის კი, Mansory-მ Mercedes-ის მოდელს Rolls-Royce-ის სტილის კარებიც დაამატა.
თუ ამ დრომდე ექსტერიერმა თქვენი მოწონება არ დაიმსახურა, მაშინ იმედები ალბათ ინტერიერზეც გაგიცრუვდებათ. სავარძლები, ცენტრალური კონსოლი და ხელსაწყოთა პანელი ახალი შავი ტყავითაა მორთული, ხოლო კარების და პანელის ზედა ნაწილზე, ყავისფერი ტყავია. კონტრასტს ქმნის მბზინავი ყავისფერი აქცენტებიც.
Mansory-ის მიერ მოდიფიცირებული სხვა G63-ების მსგავსად, Linea D’Arabo-ს P820-პაკეტიც აქვს, ახალი ტურბოჩარჯერებითა და ჰაერის შემშვებით. ამ და სხვა განახლებებით, V8 ძრავა 820 ცხენის ძალასა და 1 000 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.