ფორმულა 1, ლუის ჰამილტონი, ავტოკოლექცია, ენცო ფერარი, ფერარი, ფერარი ეფ40
Aa
Aa

ლუის ჰამილტონმა ყველა თავისი ავტომობილი გაყიდა | ახლა მხოლოდ ერთი მანქანის შეძენა სურს

Formula 1-ის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონმა და Ferrari-ის ამჟამინდელმა პილოტმა, ლუის ჰამილტონმა, ახლახან გაამხილა, რომ მან მთელი თავისი ავტოფარეხი გაყიდა. დაახლოებით $15 მილიონის ღირებულების კოლექციის გაყიდვის მიზეზი კი, ჰამილტონის ახალი ჰობი გახდა, რომლის დაფინანსებასაც ბრიტანელი ამ თანხით აპირებს.

შედეგად, Ferrari-ში რთული სეზონის მიუხედავად, SF26 შესაძლოა ახლა ერთადერთი მანქანა იყოს, რომლის მართვასაც ლუის ჰამილტონი უახლოესი პერიოდი მაინც შეძლებს. სუპერქარების კოლექციის გაყიდვაზე პილოტმა Formula 1-ის რეპორტიორებსაც ცოტა ხნის წინ განუცხადა. თუმცა წარსულში ჰამილტონს ისიც არ დაუმალავს, რომ თანამედროვე მანქანები დიდად არ უყვარდა და სიამოვნებას, უფრო მეტად, კლასიკური და ძველი ავტომობილები ანიჭებდა.

2020 წელს ჰამილტონმა ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ თავის ავტოფარეხში მყოფ მანქანებს დიდად აღარც იყენებდა. გამოდის, რომ სულ მცირე 5 წელია, მის ძვირად ღირებულ მოდელებს მტვერი ედება. მის კოლექციაში კი, ისეთი ავტომობილები ირიცხებოდა, როგორებიცაა Mercedes-AMG Project One, Ferrari LaFerrari Aperta, Ford Mustang Shelby GT500 და Shelby Cobra 427. 

F1-ის მრბოლელმა გაამხილა, რომ ამჟამად თავის არტპორტფოლიოს აფართოებს, რომელიც 2020 წელს დაიწყო. ჰამილტონის თქმით, მისი გატაცება ახალი მხატვრების აღმოჩენაა და განსაკუთრებით კი, აფრიკელი, შავკანიანი მხატვრების შემოქმედება მოსწონს. ბოლო კონფერენციაზეც, პილოტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ „დღესდღეობით, ხელოვნებითაა გატაცებული“.

მაგრამ არის ერთი ავტომობილი, რომელსაც ლუის ჰამილტონი კვლავ იყიდის და მას „ხელოვნებას“ უწოდებს. ეს მანქანა Ferrari F40-ია, ბოლო მანქანა, რომელსაც თავად ენცო ფერარი აწერს ხელს და ყოველთვის, ბრიტანელის ფავორიტი მოდელი იქნება. ჰამილტონის თქმით, ეს იქნებოდა ერთადერთი მანქანა, რომლის ყოლაც მას სურდა. „მანქანის ყიდვა, რომ მსურდეს, ეს მანქანა F40 იქნებოდა. ის ხელოვნების ნიმუშია“, - განაცხადა მან.

 

მსგავსი სიახლეები