820 ცხ.ძ-იანი G-Class-ი მხოლოდ რვა ეგზემპლარად | Grande Entrée
თუ თქვენ უბრალოდ სტანდარტული Mercedes-Benz G-Class-ის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი, მაშინ ახალი თუ მეორადი ავტომობილების ბაზარზე მისი პოვნა არ გაგიჭირდებათ. თუმცა თუ ამ შემთხვევაშიც რაიმე განსაკუთრებულს ეძებთ, მაშინ სჯობს Mansory-ის მიმართოთ. გერმანული ტუნერი თქვენს ოცნებას რეალობად აქცევს და თან შეგიძლიათ დარწმუნებულნიც იყოთ, რომ თქვენი ავტომობილი უნიკალური თუ არა, საკმაოდ იშვიათი მაინც იქნება.
ამჯერად, კომპანიამ 2025 წლის G63-ზე დაფუძნებული Grande Entrée წარადგინა, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ რვა ეგზემპლარად დამზადდა. ერთ-ერთი მათგანი კი, ახლა თქვენ წინაშეა. დაწყებული განახლებული ბამპერით, ცხაურითა და კაპოტით, რომელიც რა თქმა უნდა სრულად კარბონითაა დაფარული, დასრულებული ბორბლების თაღებითა თუ უკანა ფრთით - ამ მოდელის თითქმის ყველა ნაწილში Mansory-ის ხელმოწერა იგრძნობა.
ექსტერიერისთვის კიდევ უფრო მეტი დრამატულობის მისანიჭებლად, G-Wagen-ს გერმანულმა კომპანიამ Rolls-Royce-ის სტილის კარებიც დაუყენა. მოდიფიკაციებს კი, რა თქმა უნდა, ძრავის განახლება ავსებს. G-Wagen-ის კაპოტქვეშ 4-ლიტრიანი ტვინტურბო V8 ძრავაა მოთავსებული, რომელიც 820 ცხენის ძალას და 1 150 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.
განახლებები ამით არ დასრულებულა, რადგან Mansory-მ თავისი სტილი ავტომობილის ინტერიერშიც გაავრცელა. სალონის უმეტესი ნაწილი მათ შორის სავარძლები, კარის პანელები, ხელსაწყოთა პანელი და ხალიჩებიც კი, გლუვი თეთრი ტყავითაა დაფარული. Mansory-მ ასევე დიდი რაოდენობით გამოიყენა ლურჯი ტყავი და განაახლა ყველა მნიშვნელოვანი ღილაკი და გადამრთველიც.