BMW, ელექტრომობილი, ელექტრომობილები, BMW iX3, ბეემვე, ტექნოლოგიები, ავტომშენებლობა
Aa
Aa

BMW-ს ამ ახალ ელექტრომობილზე მოთხოვნამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა

BMW-მ ახალ Neue Klasse ერაში ოფიციალურად შეაბიჯა და მიუნხენის საავტომობილო გამოფენაზე 2026 წლის iX3 მოდელი წარადგინა. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ელექტრომობილს ყველაფერი აქვს, რათა მსოფლიო ასპარეზზე კონკურენტუნარიან მოთამაშედ იქცეს.

ამას პირველადი შეფასებებიც ადასტურებენ — მომხმარებელი ახალი თაობის iX3-ით, ჯერჯერობით, აღფრთოვანებულია. მიუნხენში გამოჩენიდან ორ თვეზე ნაკლებში BMW Group-ის ხელმძღვანელმა, კრისტიან ახმა განაცხადა, რომ ახალი მოდელით დაინტერესებამ ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებსაც კი გადააჭარბა. 

„მიუნხენში IAA-ზე გამოჩენის შემდეგ, პირველ ექვს კვირაში iX3-ის შეკვეთების რაოდენობა [მხოლოდ გერმანიაში] 3000-ს გადასცდა". — განაცხადა ახმა.

შეიძლება ფიქრობთ, 3000 მნიშვნელოვანი რიცხვი სულაც არ არისო, განსაკუთრებით კი სამყაროში, რომელშიც ჩინეთი არსებობს, თუმცა მასშტაბებზე დაფიქრება მაინც გმართებთ — გასულ წელს გერმანიამ 2.8 მილიონი ახალი ავტომობილი გაყიდა, როცა ჩინეთის ანალოგიური მაჩვენებელი 31 მილიონს აჭარბებდა. 

შედეგები განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმის გათვალისწინებით, რომ გერმანული კომპანია მსურველებს ტესტ-დრაივსაც კი არ სთავაზობს. 

რაც შეეხება ყველაზე საინტერესოს — ელექტრომობილის ფასს — ის გერმანიაში, დაახლოებით 68900 ევრო ღირს ($80600), ხოლო მომავალ წელს შედარებით იაფი, 60000 ევროიანი ($70000) ვერსიის გამოშვებაც იგეგმება. 

ჯერჯერობით ხელმისაწვდომი მხოლოდ ერთი ვერსია იქნება — iX3 50 xDrive, ორი ელექტროძრავით აღჭურვილი მანქანა, რომელიც 463-ცხენისძალიან სიმძლავრესა და 645-ნიუტონიან მაბრუნ მომენტს შემოგთავაზებთ, შესაბამისად, 100 კმ/სთ სიჩქარეს საკმაოდ შთამბეჭდავ 4.7 წამში განავითარებს. 


არანაკლებ შთამბეჭდავია საშუალო მანძილიც, რომელსაც ელექტრომობილი ერთი დამუხტვით გაივლის — 644 კილომეტრი, რასაც 108 კვტ.სთ-იანი ბატარეა განაპირობებს (რომელიც 10-დან 80%-მდე სულ რაღაც 21 წუთში იმუხტება).   

კომპანიაში აცხადებენ, რომ iX3-ის წარმოების პირველადი გეგმით BMW-ს მოთხოვნის დაკმაყოფილება გაუჭირდება. როგორც ჩანს, ახალ, ელექტრომობილების ბაზრისათვის რბოლაში Bayerische Motoren Werke სხვა ევროპელი ავტომწარმოებლებისათვის პირველობის დათმობას არ აპირებს...

მსგავსი სიახლეები