პროტოტიპები, კაბრიოლეტი, საწვავის ეკონომია, მერსედესი, სმარტი, დიზელის ძრავა, წელვადი ავტომობილი, ტრანსფორმერი, ბუნებრივი აირი, როუსტერი
Aa
Aa

წელვადი ავტომობილის ექსპერიმენტი

მსოფლიოს საავტომობილო ოჯახში Rinspeed-ი თავისი ინოვაციური კონცეფციების და ფანატიკური იდეების განხორციელებითაა ცნობილი. შვეიცარიული კომპანია ისეთი იდეების გაცოცხლებას ისახავს მიზნად, რომ თავიდან ცოტა სასაცილოდაც კი შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ გამოთქმა „იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის“ ამ შემთხვევას ზუსტად შეესაბამება. 

2002 წელს კომპანიის არსებობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საპრეზენტაციო და ყველაზე საინტერესო მოდელი წარადგინეს. Rinspeed Presto ის ავტომობილია, რომელიც ყველას აოცებს. ავტომობილი რამდენიმე წამში 3-მეტრიანი 2-ადგილიანი „როუდსტერიდან“ 4-ადგილიან „კაბრიოლეტად“ ტრანსფორმირდება. 3 მეტრზე ნაკლები სიგრძის მქონე ავტომობილი 74.6 სმ-ით იზრდება, რაც უკანა სავარძლების არსებობას წარმოქმნის. ეს სავარძლები სურვილის შემთხვევაში შეიძლება დაიკეცოს და ავტომობილი „პიკაპად“ გადაიქცეს. ეს ტრანსფორმაცია ორი ელექტრო ძრავით არის შესაძლებელი, რომელიც ავტომობილის ქვედა ნაწილშია მოთავსებული. ნაკლები ხახუნის მქონე ლილვების მეშვეობით ავტომობილი გრძელდება და სრული უსაფრთხოებისთვის სისტემას თვითჩაკეტვის დამზღვევი მექანიზმიც გააჩნია.

2002 rinspeed presto concept front blue

ავტომობილს Mercedes-ის 1.7-ლიტრიანი ტურბოდიზელის ძრავა გააჩნია, რომელიც ბუნებრივი აირისა და დიზელის საწვავის ნარევზე 40/60 შეფარდებით მუშაობს. კომპანია იუწყება, რომ ბუნებრივი აირი ძალიან სუფთად იწვის, მაგრამ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ დიზელის ძრავას აალების სანთლები საერთოდ არ გააჩნია, უბრალოდ შეუძლებელი იყო, რომ ამ აგრეგატს მხოლოდ ბუნებრივ აირზე ემუშავა. სწორედ ამიტომ შერეული საწვავის ერთობლიობა მოიფიქრეს. არსებული ექსპერიმენტისთვის ძრავის კომპიუტერის პროგრამირება ნულიდან გახდა საჭირო. ავტომობილის მართვის კომპიუტერში არსებობს საავარიო რეჟიმი - იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი აირის სისტემის გაუმართაობა დაფიქსირდება, ავტომობილი სრულად დიზელის მოხმარებაზე გადადის.

2002 rinspeed presto concept side blue

Presto საკმაოდ მსუბუქია, იგი 875 კილოგრამს იწონის. ძრავის მიერ გამომუშავებული 120 ცხენისძალა და 224 ნიუტონი, რომელიც 1600 ბრუნზე უკვე პიკს აღწევს, ავტომობილს 100-მდე 10 წამში აჩქარებს. დაკიდების სისტემაზე მუშაობა კომპანიამ გამოცდილ Eibach-ს შეუკვეთა. ავტომობილს მეტი ხალისისთვის Remus-ის მიერ ინდივიდუალურად დამზადებული გამონაბოლქვის სისტემა აქვს დამონტაჟებული, რადგან დიზელის ძრავა სასიამოვნო ხმას გამოსცემდეს.

ინტერიერში და ექსტერიერშიც Smart-ისა da Mercedes-ის დეტალებს შევხდებით. წინა და უკანა მაშუქები C Class Sportcoupe-სგან აქვს, ხოლო სავარძლები კი Smart-ისგან. ავტომობილს ძალზედ მხიარული შეხედულება აქვს, რაც შესაბამის იმიჯს უქმნის.

2002 rinspeed presto concept rear blue

Rinspeed Presto პროტოტიპია, ისევე როგორც ამ კომპანიის მიერ წარმოებული ნებისმიერი სხვა მოდელი. ეს არის ყველაზე „გიჟური“ საავტომობილო იდეების ყოველდღიურობაში გადმოტანა, რის გამოც ამ კომპანიას ხშირად ფანატიკოსების ოჯახს უწოდებენ.

 

ცხელი ამბები