წლის ყველაზე გაყიდვადი მანქანა ცნობილია | ის ტესლას მოდელი აღარ არის
2025 წლის საავტომობილო გაყიდვების სტატისტიკას უჩვეულო ლიდერი ჰყავს.
წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით უმაღლეს ნიშნულს Tesla-ს მოდელები იკავებდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, მომხმარებელთა ქცევის ცვლილებებმა კვალი სტატისტიკასაც დაატყო.
ოფიციალურად, 2025 წლის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის ტიტული Toyota RAV4-მა გადაიბარა. იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, ტოიოტამ 2.1 მილიონი RAV4 გაყიდა, რითაც გადაასწრო ამავე მწარმოებლის Corolla-ს და ბოლოს, Tesla Model Y მე-3 ადგილზე გადაისროლა.
ამის მიზეზი არც ისე რთული ამოსაცნობია. იაპონურმა ავტომწარმოებელმა გათვლა ჰიბრიდულ სისტემაზე გააკეთა, რადგან მიხვდა, რომ EV აღტაცების ტალღამ გადაიარა. RAV4-ის ბიუჯეტურობამ და დამუხტვის დისკომფორტის არარსებობამ, როგორც ჩანს, ხალხს ამ მოდელის ყოლა მოანდომა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო წლებში მანქანის დიზაინი საგრძნობლად გაუმჯობესდა და დაიხვეწა. 
აშშ-ში ახალთახალი RAV4-ის ფასი, საშუალოდ 37000 დოლარია, რაც ასეთი ავტომობილისთვის ნამდვილად არც ისე ძვირია. როგორც ჩანს, ეს მოდელი სწორედ მაშინ გამოჩნდა, როცა მძღოლები ცხოვრების ავტომობილის მუხტთან შესაბამისად დაგეგმვით დაიღალნენ. 
ბატარეების მზარდი ფასი, ზამთარში ერთი დამუხტვით გავლილი შესაძლო მანძილის შემცირება და ნელი დამუხტვა — ეს ელექტრომობილების ის ხარვეზებია, რომლებიც ჰიბრიდს უფრო მიმზიდველს ხდიან. გლობალურად, ჰიბრიდული სისტემების გაყიდვებმა 2025 წელს 20%-ით იმატა, RAV4 კი ამ ტალღაზე შესანიშნავად სერფერობს.
ტესლას ჰეგემონიის დასასრული
გასული 2 წლის განმავლობაში, გაყიდვების მეფე Tesla Model Y იყო, თუმცა, როგორც აღინიშნა, 2025-მა წელმა ამას ბოლო მოუღო.
ამას მრავალი მიზეზი აქვს — მაგალითად, ჩინეთში EV ბაზარზე უდიდესი კონკურენცია გაჩნდა, განსაკუთრებით კი BYD-ის მხრიდან. ასევე, დამმუხტველი ქსელების მოწყობა ელექტრომობილების წარმოების ტემპებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, რაც დიდი დისკომფორტია.
მე-2 და მე-3 ადგილების შესახებ მოგეხსენებათ, თუმცა სრული სურათის აღსაქმელად, ხუთეულის ბოლო ორი წევრის ცოდნაც საინტერესოა — მე-4 ადგილზე, ჰიბრიდული F-150-ის წყალობით, Ford F-Series ამოვიდა, ხოლო მე-5 ადგილს, ასევე ჰიბრიდულობის დამსახურებით, Honda CR-V იკავებს.
ერთი სიტყვით, ადამიანებს ელექტრომობილები მოსწონთ, თუმცა კომფორტი უფრო მეტად მოსწონთ და ახლა ტოიოტას ეპოქაში ვცხოვრობთ.