Brabus-მა Mercedes-ს G-Class Cabrio-ს გამოშვება დაასწრო | რომლის შესაძენადაც მილიონები დაგჭირდებათ
გერმანული ავტომწარმოებელი Mercedes უახლეს G-Class Cabrio-ზე მუშაობს, რომელიც წარმოებაში უახლოეს მომავალში ჩაეშვება. თუმცა თუ ვერ ითმენთ, მაშინ Brabus-ს უნდა მიმართოთ, რომელმაც ახალი 800 და 800 XL Cabrio უკვე წარადგინა.
ორივე მოდელი Mercedes-AMG G63-ზეა დაფუძნებული და „ძალიან კომპლექსური“ გასაშლელი რბილი სახურავითაა აღჭურვილი, რომელიც 500-ზე მეტი ინდივიდუალური კომპონენტისგან შედგება. თუმცა ამ რაოდენობის მიუხედავადაც, ორნაწილიანი სახურავი ღილაკზე ერთი დაჭერით ზუსტად 20 წამში იხსნება და იხურება. მანქანაში მყიდველებს გათბობადი მინის უკანა ფანჯარაც დახვდებათ. კარბონის რკალი კი, უზრუნველყოფს, რომ მაღალ სიჩქარეზეც კი, სახურავის კონტური უცვლელი დარჩეს.

რბილი სახურავის გარდა, 800 სპეციალური საბარგულით და Widestar-ის კორპუსის ნაკრებითაა აღჭურვილი. Brabus-ის მოდელი Monoblock ZM-ის 24-ინჩიან დისკებზე დგას, რომლებიც Hankook Ventus S1 Evo ZX-ს მაღალი ხარისხის საბურავებშია გახვეული. ამას დამატებული სპორტული ზამბარები, რომელიც კლირენსს 20-40 მმ-მდე ამცირებს.

განახლებები ვრცელდება სალონზეც, ტყავის ინტერიერითა და კარბონის გადამრთველებით დაწყებული, Airscarf-ის სისტემითა და Brabus-ის ლოგოებით დასრულებული. რაც შეეხება სიმძლავრეს, ის 4-ლიტრიანი V8 ძრავიდან მოდის, რომელიც 789 ცხენის ძალას და 1 000 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ძრავა 9-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს უკავშირდება და მისი დახმარებით სიმძლავრე ოთხივე ბორბალზე ნაწილდება. 0-დან 100-მდე კი, ეს მოდელი სულ რაღაც 4 წამში ჩქარდება და ელექტრონულად შეზღუდულ მაქსიმალურ სიჩქარეს 240 კმ/სთ-ზე აღწევს.

800 XL მსგავსია, მაგრამ ის მეტი სირთულის გადალახვისთვისაა შექმნილი. ამის გამო Brabus-მა მოდელი სპეციალურად შექმნილი პორტალური ღერძის საკიდრის სისტემით აღჭურვა, რომელიც 480 მმ-იან კლირენსს უზრუნველყოფს. ავტომობილი 22-ინჩიან დისკებზე დგას, რომელიც ყველგანმავალი რეზინითაა დაფარული. ცვლილებები გავლენას შესაძლებლობებზეც ახდენს, რადგან 0-დან 100-მდე აჩქარებას 4.6 წამი სჭირდება, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 210 კმ/სთ-მდეა.

წარმოება 50 ერთეულით შემოიფარგლება და სტანდარტული 800-ის ფასი დაახლოებით 877 350 აშშ დოლარიდან იწყება. აქ ნაჩვენები 800 XL-ის ღირებულება 1 მილიონი აშშ დოლარია, თუმცა ფასი ოფციებსა და აღჭურვილობაზე იქნება დამოკიდებული, რომლის არჩევაც თავად შეგეძლებათ.