Jaguar შესაძლოა ინდოელებმა გაყიდონ და... ჩინელებმა იყიდონ
უმჯობესია Jaguar Land Rover-მა 2025 წელი საერთოდ დაივიწყოს. JLR-მა მიმდინარე წელს მილიარდები დაკარგა, რისი მთავარი მიზეზიც აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ უცხოეთში წარმოებულ ავტომობილებზე დაწესებული ტარიფები გახდა, რამაც ავტომწარმოებელს აიძულა, ამერიკაში ექსპორტი შეეწყვიტა. ამას დაემატა მასიური კიბერშეტევაც, რომელმაც ხუთი კვირის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით ქარხნების დახურვა გამოიწვია. შესაბამისად, შესაძლოა, 2025 წელს იაგუარი გაიყიდოს.
ინდურმა Tata Group-მა 2008 წელს Jaguar ლენდ როვერთან ერთად შეიძინა და JLR შექმნა, რაც საუკეთესო გადაწყვეტილება არ აღმოჩნდა. თავდაპირველად სცადეს, რომ იაგუარი გერმანული პრემიუმ ბრენდების კონკურენტად ექციათ SUV სექტორში და F-Pace და E-Pace გამოუშვეს — მიუხედავად ამისა, ერთი კითხვა მაინც ყოველთვის რჩებოდა: რა საჭირო იყო იაგუარის სპორტული უნივერსალების შექმნა, როცა ამავე სეგმენტში Land Rover ისედავ საკმაოდ მომგებიანი ბრენდი იყო?

2020 წელს აღმასრულებელი დირექტორის ცვლილების შემდეგ მიდგომა შეიცვალა, ბრენდი ისტორიის ტყვეობისგან გათავისუფლდა და ფუტურისტული სტილის მიყოლა სცადა. დიდად არც მიდგომამ გაამართლა, რადგან გამოშვებამდე წელიწადზე ნაკლები ხნით ადრე, ტიერი ბოლორემ მე-5 თაობის Jaguar XJ-ის პროექტი შეაჩერა და განაცხადა, რომ 20205 წლისთვის ყველა ახალი იაგუარი ელექტრო უნდა ყოფილიყო. ეს შოკი იყო, რადგან ახალი პლატფორმის შექმნაზე იქამდე ნახევარი მილიარდი დოლარი დაიხარჯა.
მომდევნო აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიან მარდელმა მე-5 თაობის სრულად ელექტრო XJ-ის იდეა ბევრად რადიკალურ Type 00-ად აქცია, რომლის პირველი ვერსიაც 2026 წელს უნდა გამოვიდეს და ის მდიდრული, ოთხკარიანი სედანი უნდა იყოს, 120 000$-იანი საწყისი ფასით. ის დაფუძნებული იქნება უახლეს Jaguar Electric Architecture-ზე (JEA), რომელიც თავსებადი იქნება SUV-ებისა და სპორტქარებისთვისაც. მიუხედავად საინტერესო იდეებისა, ბოლო 6 წელიწადში კომპანიამ 4 CEO გამოიცვალა, რაც JLR-ისათვის შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ იაგუარი ტვირთი უფროა, ვიდრე ლეგენდარული ბრენდი დიდებული წარსულით. 
ფინანსურად მომავალი კიდევ უფრო რთული ჩანს, რადგან თუ დიდმა ავტომწარმოებლებმა მილიარდები გადაიხადეს, რათა დროებით მაინც შეენარჩუნებინათ გაყიდვადი შიგაწვისძრავიანი მოდელები, იაგუარს ეს ფუფუნება არ აქვს — კომპანიამ შიგაწვის ძრავის მქონე ხაზი სრულად მოკლა და, ფაქტობრივად, მთელი ფსონი ელექტრომობილებზე განათავსა. სწორედ ამიტომ, Tata Group იაგუარის დიდებულ ისტორიაზე კაპიტალიზაციას განიხილავს და შესაძლოა, ამ გაყიდვით 500$ დოლარი იშოვოს.
ეს სასაცილო თანხაა იმასთან შედარებით, რაც ინდურმა კორპორაციამ Ford-ს მის შესაძენად გადაუხადა (2.5 მილიარდი დოლარი), თუმცა, სხვა თუ არაფერი, დამატებითი სახსრების ჩასხმა მაინც აღარ იქნება საჭირო. რამდენად უცნაური და გულსატკენიც არ უნდა იყოს, ჰორიზონტზე ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად ჩინური Geely მოსჩანს. ჩინურ კომპანიას, Jaguar-ის შეძენის შემთხვევაში, მდიდრული ხაზის თავად შექმნა არ მოუწევს — ყველაფერი მზადაა, სულ რამდენიმე წელიწადში არაერთი ძვირადღირებული სრულად ელექტრო მოდელი წარმოებაში ჩაეშვება.

Geely-ს მიერ შეძენა იაგუარისთვის კიდევ ერთ პრობლემას მოხსნის. JLR-ს აშშ-ში ქარხანა არ აქვს, აი Geely-ს კი აქვს! 1.4 მილიარდიანი, 210 000 კვ.მ ფართობზე გადაჭიმული საწარმო რიჯვილში, სამხრეთ კაროლინაში ჩინურმა კომპანიამ 2018 წელს გახსნა, რათა იქ ელექტრო Volvo EX90 და Polestar 3 ეწარმოებინა. ამ ქარხანაში წელიწადში 150 000 მანქანის წარმოებაა შესაძლებელი, შესაბამისად, Jaguar-იც მშვენივრად მოთავსდება. ახლა კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, აღმოჩნდება თუ არა ევროპული მანქანათმშენებლობის ლეგენდა ჩინური კომპანიის ხელში...