ჩინეთი საავტომობილო ბაზრის კიდევ უფრო იაფი ელექტრომობილებით წასალეკად ემზადება
ჩინურმა ავტომწარმოებლებმა გუანჭოუს ავტოშოუზე ახალი ბიუჯეტური ელექტრომობილები და დამუხტვადი ჰიბრიდები წარმოადგინეს — ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ელექტრომობილების ეპოქა ახალ ეტაპზე გადადის, რომელსაც ჩინური დომინაციის სახე ექნება.
წარმოდგენილი მოდელების ფასები, საშუალოდ, 14100-დან 21100 დოლარამდე მერყეობს და დიდი ექსპორტიორები მზად არიან, ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრამდე მიიტანონ. იმ პირობებში, როცა დასავლური ავტომწარმოებლები წარმოების მაღალ ფასსა და ეკოლოგიასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ნორმებს შორის იჭყლიტებიან, ეს ფაქტი ნიშნავს, რომ სტატიის სათაურში ნახსენები „წალეკვა“ გადაჭარბებული პროგნოზი ნამდვილად არ არის. 
ავტოშოუს სტუმრების ყურადღება არაერთმა საინტერესო მოდელმა დაიმსახურა: მაგალითად, Leapmotor A10-მა, რომლის ფასიც სულ რაღაც 14100$ იქნება. დაახლოებით ანალოგიურ ფასად გაიყიდება ამავე კომპანიის ელექტრო ჰეჩბექი Lafa 5. კარგი შთაბეჭდილება დატოვა Nio-მაც, რომელმაც საკმაოდ საინტერესო მოდელი, განახლებული Firefly წარმოადგინა, რომელიც მომავალ წელს 17 ახალ ბაზარზე გამოჩნდება — საწყისი ფასი, ამ შემთხვევაშიც, 100 000 იუანს (14100 დოლარი) შეადგენს.
უკვე რამდენიმე წელია, ჩინური ავტომწარმოებლები დასავლური „კოლეგების“ წინააღმდეგ საფასო ომში არიან ჩაბმული (და არც თუ ისე წარუმატებლად). დაბალი ფასების დამსახურებით, ჩინურმა ელექტრომობილებმა არაერთ დასავლურ ბაზარზე მნიშვნელოვანი წილის მოპოვება უკვე შეძლეს და ამით დაკმაყოფილებას არ აპირებენ. 
მხოლოდ ჩინეთში, 2025 წლის პირველ 9 თვეში 2.35 მილიონი ელექტრომობილი და დამუხტვადი ჰიბრიდი გაიყიდა, რომელთა საშუალო ფასიც 14000-დან 21000 დოლარამდე მერყეობდა. ეს აზიური ქვეყნის უდიდესი საბაზრო სეგმენტია, რომელმაც გასული წლის 1.5 მილიონი ერთეულიდან გიგანტური ნახტომი გააკეთა. მიუხედავად ზრდისა, ბიუჯეტური ელექტრომობილების პოპულარობის ზრდა აზარალებს თავად ავტომწარმოებლებს — ივლის-სექტემბრის კვარტალში, BYD-ის წმინდა მოგება 30%-ით დაეცა, რაც გასულ 4 წელიწადში კომპანიის პირველი ვარდნაა. სიტუაცია ანალოგიურია სხვა ავტომწარმოებლებისთვისაც.
მიუხედავად ამისა, ექსპორტი იზრდება. მიმდინარე წლის პირველ 3 კვარტალში, ჩინურმა კომპანიებმა ექსპორტზე 1.75 მილიონი ელექტრომობილი და დამუხტვადი ჰიბრიდი გაიტანეს, რაც გასულ წელთან შედარებით, შოკისმომგვრელი 89%-იანი ზრდაა.