Nvidia-ს CEO მშობლებისთვის ამ გერმანული ავტომობილის ყიდვას ნანობს
ამერიკელი მილიარდერი ჯენსენ ჰუანგი ნახევარგამტარების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის, Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორია. მისი ქონება $164 მილიარდადაა შეფასებული, რაც მას მსოფლიოს ათ უმდიდრეს ადამიანს შორის აქცევს. ამ წარმატების მიუხედავად, არის ერთი რამ, რასაც ჰუანგი ნანობს და აცხადებს, რომ ამ გადმოსახედიდან სხვანაირად მოიქცეოდა.
ეს გადაწყვეტილება კი მშობლებისთვის Mercedes-ის მარკის ავტომობილის შეძენას ეხება. ამ თემას ჰუანგი დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, BlackRock-ის აღმასრულებელ დირექტორ ლარი ფინკთან საუბრისას შეეხო.

საქმე იმაშია, რომ 1999 წელს, კომპანიის აქციების საჯაროდ განთავსებიდან (IPO) მალევე, აქციონერების წლიური შემოსავალი 30%-დან 37%-მდე გაიზარდა. ამ უზარმაზარი მატების შემდეგ, ჰუანგმა აქციების ნაწილი გაყიდა და მშობლებს მდიდრული Mercedes S-Class-ი უყიდა. შესაძლოა, ეს კარგად ჟღერს, თუმცა ამ გადაწყვეტილებას თავისი უარყოფითი მხარეც აღმოაჩნდა.
„ჩემი ერთადერთი სინანული IPO-ს უკავშირდება — მინდოდა, მშობლებისთვის რაიმე კარგი მეყიდა. ამიტომაც, Nvidia-ს აქციები მაშინ გავყიდე, როდესაც კომპანიის შეფასება $300 მილიონი იყო. ამას ისინიც ნანობენ, თუმცა მანქანა დღემდე ჰყავთ“, — თქვა ჰუანგმა.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს სინანული არა მანქანასა და მის შესაძლებლობებს, არამედ აქციების ნაადრევ გაყიდვას უკავშირდება. მათი შენარჩუნების შემთხვევაში, ახლა გაყიდული წილის ღირებულება გაცილებით მაღალი იქნებოდა, რადგან ის $300-მილიონიანი კომპანია დღეს $4.4-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე გიგანტად იქცა და მსოფლიოში უმსხვილესიცაა.