ფოლკსვაგენი განახლებულ ID.4-ს, დიზაინთან ერთად, სახელსაც შეუცვლის
Volkswagen პოპულარულ ელექტრომობილს, ID.4-ს ვიზუალსა და სახელს შეუცვლის. სრულად ელექტრო SUV-ის შემდეგ თაობას ID. Tiguan ერქმევა. სახელის ცვლილებას, ისევე როგორც ID.4-ის რესტაილინგს, Auto News-ის ცნობით, 2026 წლის მიწურულს ვიხილავთ, თუმცა თავად გერმანული ავტომწარმოებელი ჯერჯერობით ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს.
ეს ნაბიჯი, პრინციპში, ერგება ფოლკსვაგენის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ „უსულო“ სახელები ნოსტალგიური და ნაცნობი სახელებით შეცვალოს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ID.2all პროტოტიპს ID. Polo-ს სახით ვიხილავთ და ნურც ის გაგიკვირდებათ, თუ ID.Every1 პროტოტიპს სერიულ წარმოებაში ID.Up შეცვლის.

ID. Tiguan-ის დიზაინი საკმაოდ შეცვლილი იქნება — ახალი დიზაინის კარები, განსხვავებული მაშუქები, შეცვლილი ბამპერი და ა.შ, თუმცა მეტად გაკუთხოვანებისა და გამოკვეთის მიუხედავად, ფორმა მაინც ნაცნობია — ის შიგაწვისძრავიან Tiguan-ს წააგავს.
გერმანული ავტომწარმოებელი გამოასწორებს იმ შეცდომებსაც, რომლებიც ბოლო რამდენიმე მოდელის ინტერიერში დაუშვა — კერძოდ, დაბრუნდება ღილაკები და ყველაფერი სენსორული აღარ იქნება, გაუმჯობესდება მასალის ხარისხი და ხელსაწყოთა დაფაც უფრო მარტივად აღქმადი გახდება. უფრო „დაჭკვიანდება“ ხმოვანი ასისტენტიც. შესაბამისად, ID. Tiguan-ის ინტერიერი ID. Polo-სას დაემსგავსება. 
მოდელი განახლებულ MEB plus პლატფორმას დაეფუძნება. ეს, სავარაუდოდ, განახლებულ ბატარეას ნიშნავს, რაც ერთი დამუხტვით გავლად მანძილს გაზრდის. მიუხედავად ამისა, არ უნდა ელოდოთ გაზრდილ ვოლტაჟს — ავტომობილი კვლავ 400-ვოლტიანი არქიტექტურით იქნება აღჭურვილი და გამორჩეულად სწრაფად არ დაიმუხტება.
სავარაუდოდ, დიდად არ შეიცვლება პერფორმანსიც, რადგან VW-მა საბაზისო ერთძრავიანი ვერსიის სიმძლავრე 2024 წელს 282 ცხ.ძ-მდე უკვე გაზარდა. ორძრავიანი ვერსიები, ცხადია, სიმძლავრით უკეთესები იქნებიან, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მოდელის ფოკუსი პერფორმანსით მომხმარებლის გაკვირვება ნამდვილად არ არის. ახალი ID. Tiguan-ის წარმოება გერმანიაში, ემდენში, 2031 წლამდე გაგრძელდება.