Tesla-ს ბატარეის განახლება მანქანის სრულ ღირებულებაზე ორჯერ მეტი ღირს?
მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი ელექტრომობილებზე არჩევანს ერთი ძირითადი მიზეზის გამო აკეთებს — საწვავის მაღალ და მერყევ ფასებთან შედარებით, EV-ებით მგზავრობა ბევრად უფრო ხელმისაწვდომია. თუმცა ამ ყოველივეს ემატება ხარჯები, მათ შორის სერვისის თანხა, რაც ელექტრომობილის ფლობას არცთუ ისე დაბალხარჯიან „საქმიანობად“ აქცევს.
საინტერესოა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლს თავისი Tesla-სთვის ბატარეის შეცვლა თითქმის ორჯერ მეტი დაუჯდა, ვიდრე თავად ელექტრომობილი ღირდა. Reddit-ზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, მას არსებული 60 კვტ.სთ-ის ბატარეის იმავე ტიპის ან 90 კვტ.სთ-ის ბატარეით ჩანაცვლება შესთავაზეს. თუმცა, ორივე შემთხვევაში, მომსახურებისთვის საკმაოდ მაღალი ღირებულება დაუსახელეს.

როგორც აღმოჩნდა, ამ კონკრეტულ სერვისცენტრში 60 კვტ.სთ აკუმულატორის ჩანაცვლება $13 830 ღირდა — ეს მოიცავს $580-ს მხოლოდ მომსახურებისთვის, 2.5-საათიანი ინსტალაციის დროის გათვალისწინებით. დანარჩენი თანხა თითქმის სრულად აკუმულატორის ღირებულებაა და ეს არც ისე პატარა თანხაა Tesla-ს ყველაზე პატარა აკუმულატორისთვის, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომია.

ფასი გაცილებით იზრდება შედარებით დიდი, 90 კვტ.სთ-ის სიმძლავრის აკუმულატორისთვის. მხოლოდ აკუმულატორის ღირებულება $18 000-ია, ხოლო სრული სიმძლავრის გამოსაყენებლად დამატებით $4 500-ია საჭირო. მონტაჟისა და საჭირო სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით, ჯამური ხარჯი $24 000-ს აღწევს.
ეს თანხა გაცილებით მეტია, ვიდრე იმავე წლის მეორადი Model S-ის უმრავლესობის ამჟამინდელი საბაზრო ფასი. როგორც Carscoops-მა დათვალა, მეორადი მოდელების ფასი, მოდიფიკაციისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, ძირითადად $10 000-დან $15 000-მდე მერყეობს. შესაბამისად, ფინანსური თვალსაზრისით, ასეთი განახლების მიზანშეწონილობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.