არც ისე ლამაზი, თუმცა მაღალტექნოლოგიური — ნახეთ, როგორი იქნება ახალი Mercedes-Benz GLB
Mercedes-მა ახალი GLB წარადგინა, რომელიც წინა მოდელისგან დიზაინით დიდად არ განსხვავდება, თუმცა მაინც არაერთ სიახლეს მოიცავს. 5 და 7-ადგილიანი მოდიფიკაციების მქონე 2026 წლის GLB, ტექნიკურად, სრულად ელექტრო EQB-ის შემცვლელი იქნება და, შესაბამისად, თავდაპირველად მხოლოდ ელექტრომობილის სახით იქნება ხელმისაწვდომი. სამომავლოდ, იგეგმება ჰიბრიდული ვერსიის გამოშვებაც.
ახალ GLB-ს 2 ვერსია ექნება — პირველი, GLB 250+ აღჭურვილია 85 კვტ.სთ-იანი ლითიუმ-იონური ბატარეით და 800-ვოლტიანი ელექტრონული არქიტექტურით. ავტომობილში ვხვდებით უკანა მხარეს განლაგებულ ელექტროძრავას, რომელიც 268 ცხ.ძ-სა და 335 ნიუტონს გამოიმუშავებს, რისი დამსახურებითაც, 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას GLB 250+ 7.4 წამს ანდომებს. ამ ვერსიას ერთი დამუხტვით საკმაოდ შთამბეჭდავი, 630კმ-ის გავლაც შეუძლია. 

მეორე ვერსია, GLB 350 4Matic ანალოგიური ბატარეითაა აღჭურვილი და ერთი დამუხტვით 600 კილომეტრზე დიდ მანძილს ფარავს, თუმცა მისი პერფორმანსი შედარებით მძლავრია — ავტომობილში, პირველ ვერსიისგან განსხვავებით, ელექტროძრავას წინა ნაწილშიც ვხვდებით — შესაბამისად, ავტომობილი 349ცხ.ძ-სა და 515 ნუტონს გამოიმუშავებს და 100 კმ/სთ სიჩქარეს ნაკლებ დროში, 5.5 წამში, ავითარებს.
გერმანული ავტომწარმოებლის განცხადებით, GLB-ის ხაზს მომავალ წელს დაემატება კიდევ უფრო საბაზისო და ბიუჯეტური ვერსია, რომელიც ასევე სრულად ელექტრო იქნება.
დიზაინის ტრენდები
ახალი GLB-ის დიზაინი სხვა განახლებული მოდელების CLA-ისა და GLC-ის კვალს მიჰყვება და მოიცავს გადიდებულ ცხაურასა და ახალი სტილის ფარებს — ვარსკვლავის ფორმის დღისით მოძრაობის ნათურებითა და განათების გამოკვეთილი ზოლით. ერთი შეხედვით, ის ყველაზე ლამაზი SUV ნამდვილად არ არის, თუმცა ამ კუთხით არც მისი წინაპარი გამოირჩეოდა...

ყველაზე უცნაური მაინც უკანა მხარეა, რომელიც Vision EQXX Concept-ითაა ინსპირირებული და, შესაბამისად, აქ ვხვდებით ვერტიკალურ ფარებს, რომლებსაც ერთმანეთთან განათების ზოლი აკავშირებს.
მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯია GLB-ის ინტერიერიც. როგორც CLA-ს შემთხვევაში, მისი აღჭურვა სურვილისამებრ შესაძლებელია Mercedes Superscreen-ით, რომელიც 10.25-დუიმიან მძღოლის ეკრანს, 14-დუიმიან მულტიმედიის მონიტორსა და 14-დუიმიან მგზავრისათვის განკუთვნილ ეკრანს მოიცავს. 
ავტომობილი ეყრდნობა მე-4 თაობის MBUX სისტემას, რომელიც Microsoft-ისა და Google-ის ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი. აქვე ვხვდებით MBUX-ის ვირტუალურ ასისტენტს, რომელიც ChatGPT4o-ზეა დაფუძნებული. ერთი სიტყვით, გერმანულმა კომპანიამ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ახალ მოდელში ტექნოლოგიური პროგრესის ყველა საშუალება მოეთავსებინა.
ბოლოს კი, რაც შეეხება ფასს, გერმანიაში ახალი GLB 250+ 59000, ხოლო GLB 350 4Matic 62000 ევრო ეღირება.