საქართველო, ავტოიმპორტი, ელექტრომობილები, ტესლა, მეორადი ავტომობილების ფასები
Aa
Aa

„ტესლაც“ გაძვირდა... საწვავზე მომუშავე ავტომობილი დიდი ხანია არ გაგვიყიდია“ | Carmark-ის დირექტორი

„მოთხოვნა რომ წამოვიდა, „ტესლაც“ გაძვირდა, აქამდე თუ, პირობითად, 10-12 ათას დოლარად ჩამოიყვანდი ნორმალურ „ტესლას“, დღეს შეიძლება ადგილზე ვერ შეიძინო მაგ ფასად“, — ამის შესახებ Carmark-ის დირექტორმა ირაკლი კუხიანიძემ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ ბრენდზე მოთხოვნის ზრდას, რეგულაციების პარალელურად, ქვეყანაში შესაბამისი სერვისების განვითარებამ შეუწყო ხელი. 

„რასაც ვუყურებ, მოთხოვნა წამოვიდა ელექტროავტომობილებზე. ჩვენი გაყიდვები, რაც არის დარჩენილი 35% (დანარჩენი ვარდნა გვაქვს), ძირითადად არის ჰიბრიდული და ელექტრომობილები. აქამდე თუ მოსახლეობა ერიდებოდა ელექტრომობილების შეძენას, იგივე „ტესლას“, დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილია, რადგან შედარებით ნორმალური ბიუჯეტი აქვს. 

თუმცა, მოთხოვნა რომ წამოვიდა, „ტესლაც“ გაძვირდა, აქამდე თუ, პირობითად, 10-12 ათას დოლარად ჩამოიყვანდი ნორმალურ „ტესლას“, დღეს უკვე შეიძლება ადგილზე ვერ შეიძინო მაგ ფასად, რადგან, რომ შეხედოთ გაყიდვებს, უმრავლესობა მიდის „ტესლასკენ“. 

„ტესლა“ არის ბევრნაირი, ძველი მოდელებიც არის, რომელიც შეიძლება 7000 დოლარშიც ჩამოიყვანო. 12 000 დოლარი უნდა ნორმალურ ავტომობილს, მაგალითად, Model 3-ს, რომლითაც ძირითადად ტაქსი დადის. ამ მარკის მანქანებმა საქართველოში კარგად მოიკიდა ფეხი, ხელოსნებიც არიან, ნაწილებიც არის, მეორადი, ახალი. ასე რომ, „ტესლა“ ლიდერობს გაყიდვებში.

ასევე, ჰიბრიდულ ავტომობილებზე არის მოთხოვნა, მაგრამ ის არ არის გათავისუფლებული გადასახადისგან, ამიტომ უფრო ახალი რომ ვიყიდოთ, შედარებით ძვირია. ჩვეულებრივ საწვავზე მომუშავე ავტომობილი არ გაგვიყიდია დიდი ხანია“, — განაცხადა ირაკლი კუხიანიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის აპრილიდან ქვეყანაში ახალი წესები ამოქმედდა, რომლითაც 2024 წლამდე გამოშვებული ავტომობილების განბაჟება გაძვირდა. ცვლილების მიხედვით, 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილების ნაწილისთვის აქციზის განაკვეთი ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე 1.5 ლარით განისაზღვრა. 2024-2025 წლებში გამოშვებული ავტომობილებისთვის აღნიშნული ტარიფი ისედაც 1.5 ლარს შეადგენდა, შესაბამისად, ცვლილება ძირითადად 2020-2021-2022-2023 წლებში გამოშვებულ ავტომობილებს შეეხო. ამ კატეგორიის ავტომობილებზე აქამდე მოქმედი განბაჟების ტარიფი ძრავის 1 კუბურ სანტიმეტრზე 0.8-1.4 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

რაც შეეხება 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებს, მათზე აქციზის განაკვეთი ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, ამ კატეგორიის ავტომობილების განბაჟების ტარიფი 5.6-ჯერ გაიზარდა — აქამდე მოქმედი წესით, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების ძრავის თითოეული კუბური სანტიმეტრი 0.8 ლარის აქციზით იბეგრებოდა.

წყარო - BPN

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები