558.37 კმ/სთ?! Top Fuel დრაგსტერმა სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა
NHRA-ს სიჩქარის აბსოლუტური რეკორდი ყოველდღე არ მყარდება, თუმცა Dodge NHRA Great Lakes Nationals-ის ასეთი სენსაციის მომსწრე გავხდით. შონ ლენგდონმა ტრასაზე წარმოუდგენელი მაქსიმალური სიჩქარე — 558.37 კმ/სთ განავითარა. ეს შედეგი მით უფრო შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ, რომ Top Fuel კლასის დრაგსტერებს ამ სიჩქარის ასაკრეფად დაახლოებით 305 მეტრი აქვთ გამოყოფილი.
ლენგდონმა საკუთარივე დამყარებული წინა რეკორდი (555.22 კმ/სთ / 345 მილი/სთ) დაგ კალიტასთან ნახევარფინალურ რბოლაში, U.S. 131 Motorsports Park-ის ტრასაზე მოხსნა. მან დისტანცია 3.663 წამში დაფარა და ფინალში გავიდა, სადაც კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა 557 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით.
სარეკორდო რბოლას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, რომელთაგან ზოგიერთი გუნდის კონტროლს მიღმაა. რა თქმა უნდა, მძღოლს იდეალური სტარტი სჭირდება, თუმცა უდიდეს როლს თამაშობს გარემო პირობებიც. ადრეული რეკორდების უმეტესობა ვაშინგტონში, Pacific Raceways-ზე დამყარდა, რომელიც ზღვის დონიდან სულ რაღაც 94 მეტრზე მდებარეობს. მიჩიგანის U.S. 131 Motorsports Park-ი ოდნავ უფრო მაღლაა (ზღვის დონიდან 230 მეტრზე), თუმცა იდეალურმა საფარმა თავისი საქმე მაინც გააკეთა.
ტექნიკური თვალსაზრისით, Top Fuel დრაგსტერები ინჟინერიის ნამდვილი საოცრებაა. კომპრესორიანი 8-ცილინდრიანი 500-კუბიანი Hemi V8 ძრავი დაახლოებით 12 000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს — რაც თითქმის შვიდი Bugatti Tourbillon-ის ჯამური სიმძლავრის ტოლია. უკანა გიგანტური საბურავები სიმაღლეში 91 სმ-ია, სიგანეში — 43 სმ და რესურსი სულ რაღაც 2.4 კილომეტრზე ჰყოფნით. წინა საბურავები კი მაქსიმალურად ვიწროა ჰაერის მინიმალური წინააღმდეგობისთვის.