უცნობი პროტოტიპი, რომელიც შესაძლოა Ford-ის პირველი სპორტქარი ყოფილიყო
ავტოისტორია სავსეა ისეთი პროექტებითა და პროტოტიპებით, რომლებიც ავტომოყვარულებმა თუ კომპანიებმა, დიდი აღიარების გარეშე, მალევე მიივიწყეს. ასეთია Cisitalia 808XF, იტალიურ-ამერიკული პროექტის შედეგი, რომელიც ამ თვეში აუქციონზე გასაყიდად იქნება წარმოდგენილი.
Ford-ის ევროპული სტილის სპორტქარი 1951 წლით თარიღდება. როგორც ამბობენ, ჰენრი ფორდ მეორე Cisitalia 202-ს ფლობდა და ეს ავტომობილი იმდენად მოსწონდა, რომ იტალიურ კომპანიასთან პარტნიორობას დათანხმდა. ეს კი, De Tomaso Pantera-ს დებიუტამდე ათწლეულებით ადრე მოხდა.

იდეა საკმაოდ მარტივიც ჩანდა: Ford-ის ადვილად ხელმისაწვდომ მექანიკასთან ელეგანტური იტალიური დიზაინი უნდა გაეერთიანებინათ. შედეგად, ელეგანტურ და ხელმისაწვდომ სპორტქარს მივიღებდით, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრისთვის, რომელიც იმ დროს MG-ებსა და Jaguar-ებზე იყო ორიენტირებული. საკმაოდ კარგადაც ჟღერს არა? ევროპული სტილი, ამერიკული სერვისითა და V8 სიმძლავრით.
პროექტზე ძირითადი სამუშაო Cisitalia-მ გასწია. 808XF-ს, რომელსაც სახელი X-ის ფორმის ჩარჩოსა და Ford-ის ძრავის გამო შეერქვა, ჯოვანი სავონუზის მიერ დაპროექტებული ძარა ჰქონდა. კაპოტქვეშ მოთავსებული Mercury-ის 4.2-ლიტრიანი ქვედასარქველიანი V8 ძრავა ჰქონდა, რომელიც Holley-ის კარბიურატორებითა და Ford-ის 3-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით იყო აღჭურვილი.

მხოლოდ ქაღალდზეც კი, თითქოს ავტომობილისთვის ვერაფერი უნდა დაეწუნებინათ, თან თუ ამას ლითონის კონსტრუქციასაც დავამატებდით. მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც 1952 წელს, ეს პროტოტიპი ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაფასებლად გაიგზავნა, გუნდს მწარე რეალობასთან შეჯახებაც მოუხდა.
Ford-ის ინჟინრებმა და ბუღალტერებმა დაასკვნეს, რომ ამ მოდელის წარმოების ხარჯები პროექტის განსახორციელებლად ძალიან მაღალი იყო. აზრი არც Vignale-ს კორპუსით შექმნილი ორი პროტოტიპის წარდგენის შემდეგ შეიცვალეს. შედეგად, Ford-ის ევროპული სპორტქარიც თაროზე შემოდეს.

ახლა კი, 808XF გასაყიდად Bring a Trailer-ის პლატფორმის საშუალებითაა შემოთავაზებული. აუქციონის დასრულებამდე ორი დღე დარჩა და მისი გასაყიდი ფასი $100 000-იან ნიშნულსაც უკვე გადასცდა.