შესაძლოა, ევროკავშირმა შიგაწვისძრავიანი ავტომობილების აკრძალვა გაუქმოს
Bild-ის ცნობით, ევროკავშირის კანონმდებლები აქტიურად განიხილავენ აკრძალვის გაუქმებას, რომლის თანახმადაც 2035 წლიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე ბაზირებულმა ავტომწარმოებლებმა შიგაწვისძრავიანი მოდელები აღარ უნდა აწარმოონ.
გერმანულ გამოცემასთან საუბარში მანფრედ ვებერმა, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ მომენტში არსებული გეგმით, 100%-ის ნაცვლად, ავტომწარმოებლებს ნახშირბადის ემისიის 90%-მდე შემცირება დაევალებათ.
„100% სავალდებულო არ იქნება 2040 წლიდანაც, რაც ნიშნავს რომ შიგაწვის ძრავებზე ტექნოლოგიური შეზღუდვა ამ ეტაპზე მოლაპარაკების საგანი არ არის. შესაბამისად, ამჟამად გერმანიაში წარმოებული ყველა სახის ძრავის წარმოების გაგრძელება და გაყიდვაა შესაძლებელი“ — განაცხადა მანფრედ ვებერმა.
„სახალხო პარტიის“ ლიდერის განცხადებით, ეს ათიათასობით ინდუსტრიულ სამუშაო ადგილს გადაარჩენს. 2035 წლის აკრძალვას ხელი 2023 წელს მოეწერა — დოკუმენტის თანახმად, ავტომწარმოებლებმა ნახშირბადის ემისიები 100%-ით უნდა შეამცირონ. სავარაუდოდ, მალე გავიგებთ, რას გადაწყვეტს ევროკავშირი — მისცემს თუ არა საშუალებას ავტომწარმოებლებს, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ პოპულარული შიგაწვის ძრავები აწარმოონ. 
ავტომობილების მწარმოებელთა და გამყიდველთა საზოგადოების ცნობით, ელექტრომობილების გაყიდვები 2025 წლის ნოემბერში გაერთიანებული სამეფოს ბაზრის 26.4%-მდე გაიზარდა, რაც 3.6%-იანი ზრდაა, თუმცა ეს ბოლო 2 წელიწადში მაინც ყველაზე დაბალი ნიშნულია.
რაც შეეხება ჰიბრიდების გაყიდვის მაჩვენებლებს — აქ 1.3%-იანი ზრდა შეინიშნება. ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტი კი დამუხტვადი ჰიბრიდებია, რომელთა გაყიდვებიც 14.8%-ით გაიზარდა და ბაზრის 11.9% შეადგინა.