საქართველო, მართვის მოწმობა, შსს
Aa
Aa

რა პროცედურების გავლა იქნება საჭირო მართვის მოწმობების აღსადგენად

2026 წლის პირველი იანვრიდან, მძღოლების ნაწილს, სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით, შეჩერებული მართვის მოწმობების აღდგენის საშუალება ეძლევათ. ფართომასშტაბიანი ინიციატივა გავრცელდება „მოქალაქეთა იმ კატეგორიაზე, ვისაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით შეჩერებული აქვს მართვის უფლება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ან მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვისთვის“.

წარმოგიდგენთ პროცედურებს, რომლებიც მართვის მოწმობის აღდგენისთვის საჭირო იქნება:

    ● 780-მდე პირს, რომელთაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდათ მართვის, მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ავტომატურად აღუდგებათ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მათ მართვის მოწმობას ხელახლა მიენიჭება 100 ქულა;
    ● მნიშვნელოვანია, რომ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელ 3500-მდე პირს, ავტომატურად არ აღუდგება მართვის უფლება. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა დასაშვები იქნება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიკური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ;
    ● აღსანიშნავია, რომ დაკისრებული ჯარიმების გადაუხდელობის გამო ,მართვის უფლება დღეის მდგომარეობით შეჩერებული აქვს 11 000-მდე ადამიანს. მათ მართვის უფლება აღუდგებათ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში;
    ● იმ 20 000-მდე პირისთვის, რომელთაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის ან შემთხვევის ადგილის მიტოვების გამო შეჩერებული აქვს მართვის უფლება, 2026 წლის 1-ელ თებერვლამდე თითოეული პირის ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას შსს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს — დადგენილი წესით.

ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან − გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება მიუთითებს, რომ პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღუდგა.

 

ამასთან, ამნისტია გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებულ ნარკოტიკულ დანაშაულზე. მსგავსი ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენმა პირებმა,  მართვის უფლების აღდგენის მიზნით, უნდა მიმართონ საქართველოს იუსტიციის სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451, 1152 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეჩერებული მართვის უფლების აღდგენის მიზნით კი პირმა უნდა მიმართოს მომსახურების სააგენტოს.

ნარკომომხმარებლებისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა დასაშვებია სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიკური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.

ამნისტია არ შეეხება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვის ან რეალიზაციის/გასაღების გამო მართვის უფლების ჩამორთმევის შემთხვევებს.

ასევე,  ამნისტია არ შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლს,  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის დროს მართვის უფლების შეჩერების შემთხვევებს.

მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება ის ნორმები, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს აძლევს შესაძლებლობას, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს. აღნიშნული მიუთითებს, რომ იმავე ქმედებების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში აღნიშნულ პირებზე მკაცრი საკანონმდებლო რეგულაციები გავრცელდება.

 წყარო 

მსგავსი სიახლეები