Ford-ი Escape-ის წარმოებას წყვეტს | დილერები შეშფოთებულები არიან
Ford-მა აშშ-ში Escape-ის წარმოება შეწყვიტა. 2000 წლიდან წარმოებული მოდელის უკანასკნელი ერთეული ლუისვილის ქარხნიდან 17 დეკემბერს გამოაგორეს. ამერიკული ავტომწარმოებელი ფსონს Bronco Sport-სა და Maverick-ზე ჩამოდის, რაც დილერების შფოთვას იწვევს, რადგან, მათი აზრით, Escape-ის „სიკვდილი“ მყიდველების სხვა მწარმოებლებისკენ გადასვლას გამოიწვევს. 
ეს უსაფუძვლო შიშები არ არის, რადგან Escape ცუდად არასდროს იყიდებოდა. პიკში, 2017 წელს Ford-მა 308 000 ერთეული გაყიდა, უკანასკნელ წლებში კი, საშუალოდ, 140 000 ერთეული მუდმივად იყიდებოდა. ეს, დაახლოებით, Bronco Sport-ის გაყიდვების ტოლია (თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ დილერები Escape-ს უფრო ხშირად აიაფებდნენ).
რჩება თუ არა ფორდის საწარმოო ხაზში ხვრელი?
Escape-თან ერთად დასრულდა Lincoln Corsair-ის წარმოებაც, რადგან ლუისვილის ქარხანამ 2-მილიარდიანი გადაიარაღების პროგრამა დაიწყო. საწარმო 2027 წლიდან საშუალოგაბარიტიანი სრულად ელექტრო პიკაპების აწყობას იწყებს, რომელიც Ford-ის Universal EV პლატფორმაზე იქნება დაფუძნებული. Corsair-ის წარმოება მხოლოდ ჩინეთში შეიძლება შენარჩუნდეს (ესეც, ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის).
დილერებს სწორედ ამ სეგმენტში გაჩენილი სიცარიელე არ მოსწონთ. 
„ეს ჩვენთვის ბიუჯეტურ სეგმენტში ძალიან კარგად გაყიდვადი [მოდელია]. ის გვაძლევს ახალ მყიდველებსა და შესაძლებლობას, რომ მოგვიანებით ამ ხალხს Explorer-ის ყიდვისკენ ვუბიძგოთ და ჩვენთან დავტოვოთ... ვისურვებდი, რომ ეს გადაწყვეტილება გადაეფიქრებინათ“, — აცხადებს დაგ ნორთი, დეტროიტში მდებარე სადილერო North Bros.-ის პრეზიდენტი.
ნორთს სხვა დილერებიც ეთანხმებიან — მათი აზრით, ისქეიფი ახალ მყიდველებს შესანიშნავად იზიდავდა და ფასების ზრდის არსებული ტენდენციის პირობებში, კომპანიას ბიუჯეტური SUV-ის წარმოების შეწყვეტა დააზარალებს. მათი განცხადებით, „დებიუტანტი მყიდველების დაკარგვა მყიდველთა მთელი თაობის დაკარგვას ნიშნავს“. მიუხედავად ამისა, Ford-ს თავისი გეგმები აქვს — კომპანია ბიუჯეტური სეგმენტის დაბალანსებას 2030 წლამდე 5 ახალი „ხელმისაწვდომი“ მოდელის გამოშვებით აპირებს.