კომპაქტური Mercedes-Benz G-Class ქუჩებში გამოჩნდა | როგორი იქნება გელენდვაგენის „უმცროსი ძმა“
წლების განმავლობაში გაგრძელებული სპეკულაციებისა და ვარაუდების შემდეგ, როგორც იქნა, Mercedes-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელის (თუ ყველაზე ცნობილის არა), G-Class-ის მომცრო ვერსიას ვიხილავთ. კომპაქტური G-Wagen ისეთივე კუთხოვანი და დაკუნთული იქნება, როგორც მისი უფროსი ძმა და ისეთივე „მიდი-მოვდივარ“ ხასიათი ექნება, როგორც ლეგენდარულ მოდელს — განსხვავება მხოლოდ მის ზომაში იქნება.
ზომაში დაპატარავებული, თუმცა უცვლელი იდენტობის მქონე მოდელი ოფროუდერების მზარდ ბაზარზე Land Rover-ის დაპატარავებული Defender-ის მთავარ კონკურენტად განიხილება. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა შენიღბული მოდელი ტესტირებისას პაპარაცებმა დააფიქსირეს, თუმცა უკანასკნელი ფოტოები ბევრი დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა — კომპაქტური მერსედესი აშკარად უფრო მოკლე და დაბალია, ვიდრე გელენდვაგენი, თუმცა მსგავსება აშკარაა და ეს გერმანული ავტომწარმოებლის გულშემატკივრებს, ალბათ, ყველაზე მეტად გაახარებს.
მაგალითად, შესამჩნევია, რომ მრგვალი მაშუქები და ფართო ცხაურა შენარჩუნებულია — ავტომობილის წინა მხარე მაღალი და ვერტიკალურია, თუმცა მაინც ოდნავ უფრო რელიეფური, ვიდრე ეს სრული ზომის G-Class-ში გინახავთ. დგომი ნამდვილად „გელენდვაგენურია“, თუმცა კუთხეები მცირედით, თუმცა მაინც მომრგვალდა...
გორდონ ვაგენერის, მერსედესის აწ უკვე ყოფილი მთავარი დიზაინერის თქმით, პატარა G თავიდანვე ჩაფიქრებული იყო ოდნავ „თანამედროვე“ დიზაინის მქონე კომპაქტურ მანქანად. კომპაქტური G კლასი სრულად ახალ პლატფორმას ეყრდნობა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება სრული ზომის G-Class-ის ტრადიციული არქიტექტურისგან. ახალ მოდელს არ ექნება ლონჟერონული (კიბისებრი) ტიპის ჩარჩო, რაც უგზოობის პირობებში მის შესაძლებლობებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს — მიუხედავად ამისა, კომპანია გვპირდება, რომ გაუმჯობესებული იქნება ყოველდღიური კომფორტის მიმართულებით. 
ტექნიკური მიმართულების ხოფილი ხელმძღვანელის, მარკუს შაფერის განცხადებით, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ავტომობილს მაინც აქვს „მინიატურული ლონჟერონული ჩარჩო“, რაც ნიშნავს, რომ ეს არ არის ტრადიციული კიბისებრი ჩარჩო, თუმცა ცენტრალურ უპირატესობებს მაინც იზიარებს, განსაკუთრებით დაკიდების გეომეტრიის მიმართულებით. შესაბამისად, პატარა G კლასი ქვებზე მთლად ხვლიკივით ვერ ივლის, თუმცა არც მთლად საქალაქო მანქანა იქნება.
ელექტრომობილი G-Class
მინი G-Class ელექტრომობილი იქნება — შესაძლოა, ეს ბევრისთვის სიურპრიზი იყოს, განსაკუთრებით კი აშშ-ში ამ სეგმენტის ბოლოდროინდელი პრობლემების გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, მოდელი გლობალური წარმოებისთვისაა განკუთვნილი და EV ბაზარი ყველგან შტატებივით პრობლემური როდია... ელექტრომობილების ბუმი ევროპასა და ჩინეთში ჯერ ისევ მძვინვარებს.
რა ტიპის ბატარეა და ელექტროძრავები ექნება მოდელს ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, ყველაზე რეალური მაინც იმ ტექნოლოგიების გამოყენებაა, რომლებიც გერმანულმა ავტომწარმოებელმა ახალ CLA-სა და GLC-ში გამოიყენა. გამოვა თუ არა შიგაწვისძრავიანი ვერსია, ჯერჯერობით არ ვიცით, თუმცა გამორიცხული არაფერია.

ერთი სიტყვით, თუ G-Wagen-ის გაბარიტები აქამდე ზედმეტად დიდად გეჩვენებოდათ, ახლო მომავალში მისი პატარა ანალოგის მართვის შანსი გექნებათ...