ლეგენდარული Rocket-ის დაბრუნება | Brabus-ის ერთ-ერთი უიშვიათესი G-Wagen
ლეგენდარული Rocket-ის სახელწოდებით, გერმანულმა ტუნინგ-კომპანია Brabus-მა სუპერქარის სტილის „ყველგანმავალი“ წარადგინა, რომელიც Mercedes-AMG G63-ის ბაზაზეა აწყობილი. Brabus 900 Rocket Edition-ი უახლესი მოდელია და ისედაც მძლავრ G-Wagen-თან შედარებით, გაცილებით უკეთეს შესაძლებლობებს გვთავაზობს.

Brabus 900 Rocket-ის ამოცნობა ძალიან მარტივია Widestar-ის კორპუსის წყალობით, რომელიც G 63-ს ბევრად ფართო ფორმას სძენს და, ამავდროულად, მის კლასიკურ იერსახესაც ინარჩუნებს. მოდელში უხვადაა გამოყენებული კარბონის დეტალები, მათ შორის: წინა სპოილერში, უკანა დიფუზორსა და სახურავზე განთავსებულ ფრთაში, რომელიც მაღალ სიჩქარეზე სტაბილურობის გასაუმჯობესებლადაა შექმნილი. SUV-ის განახლებული ვერსია 24-ინჩიან ალუმინის დისკებზე დგას, რომლებიც აღჭურვილია აეროდინამიკური პანელებით ჰაერის ნაკადის უკეთ მართვისთვის.
ასევე იხილეთ: გამოუვალი მდგომარეობიდან მსოფლიო რეკორდებამდე - BRABUS-ის ისტორია
მოდიფიცირებული ავტომობილის კაპოტქვეშ Brabus-ის მიერ შემუშავებული 4.5-ლიტრიანი ტვინ-ტურბო V8 ძრავა დგას, რომელიც Brabus 800-ის გაძლიერებული ვერსიაა. ეს აგრეგატი 900 ცხენის ძალას გამომუშავებს, ხოლო მაბრუნი მომენტი 1 250 ნიუტონ-მეტრამდე აღწევს. შედეგად, Rocket-ი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას სულ რაღაც 3.7 წამს ანდომებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 280 კმ/სთ-ია. ეს მაჩვენებლები მოცემულ მოდელს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ G-Wagen-ად აქცევს, რაც კი ოდესმე შექმნილა.

ავტომოყვარულებს ალბათ ძალიან გაახარებთ ის ფაქტიც, რომ Brabus-ის შემთხვევაში მართვის რეჟიმების არჩევის შესაძლებლობა გექნებათ. ასე რომ, Rocket-ი, „ჩუმ“ გადაადგილებასთან ერთად, მსურველებს V8-ის აგრესიულ ხმასაც შესთავაზებს.

Brabus 900 Rocket-ის გამორჩეულობა მხოლოდ მისი ექსტერიერით არ შემოიფარგლება. Brabus Masterpiece-ის ინტერიერი ტყავისა და კარბონის დეტალებს აერთიანებს, რომელთაც Rocket Red-ის ფერის აქცენტები ახლავს. ყველა ღილაკს, გადამრთველსა და ვენტილაციის ცხაურს სპეციალური მინის საფარი აქვს. უკანა მხარეს სტანდარტული სავარძელი ორი ინდივიდუალური, კომფორტული სავარძლითაა ჩანაცვლებული.

900 Rocket Edition ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური მოდელი იქნება, რომელიც Brabus-ს ოდესმე შეუქმნია. კომპანია ავტომობილს მხოლოდ 25 ერთეულად გამოუშვებს, შესაბამისად, მის დაბალ ღირებულებას არ უნდა ველოდოთ. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, Brabus-ი თავის მომხმარებელს კარგად იცნობს და იცის, რომ მისი ქმნილებები დაუფასებელი არასდროს დარჩება.