Kia ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილ მოდელებს სალონში ღილაკებს შეუნარჩუნებს
თუ ჩრდილოეთ ამერიკაში ელექტრომობილის შეძენას გეგმავთ და ეძებთ ბიუჯეტურ ავტომობილს, რომელიც არც ზედმეტად გასენსორებული და ეკრანებით გადავსებულია, სამხრეთკორეული მწარმოებლების მოდელები, ალბათ, კარგი გამოსავალია. Kia-სა და Hyundai-ს მოდელებს ამ ბაზარზე შენარჩუნებული აქვს ფიზიკური ღილაკები და მეტად ტრადიციული ინტერიერიც, რაც შემთხვევითი არ არის და ბაზრის კვლევას ეფუძნება. 
The Drive-თან საუბარში, Kia-ს დიზაინის ცენტრის ამერიკული მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა და მთავარმა დიზაინერმა, ტომ კერნსმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში ღილაკების სალონიდან სრულად გაქრობა არ იგეგმება:
„ვფიქრობ, ისეთი ფუნქციებისთვის, რომელთაც მძღოლები ხშირად იყენებენ — მაგალითად, ხმის კონტროლი, რადიო და ტემპერატურა — ფიზიკური ღილაკების გამოყენება უფრო ადეკვატურია. როცა შენი თვალები სრულად გზაზეა კონცენტრირებული, უფრო მარტივია, ჩამოწიო ხელი და ღილაკს შეეხო, ვიდრე სენსორულ ეკრანს დახედო და ეს ფუნქციები აქ ეძებო", — განაცხადა კერნსმა.

2020 წელს გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულმა კვლევამ Apple CarPlay-სა და Android Auto-ს მომხმარებლების ქცევა იკვლია — აღსანიშნავია, რომ ორივე სისტემის გამოყენება სენსორულ ეკრანთან კონტაქტს მოითხოვს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ საავტომობილო ზოლში სატრანსპორტო საშუალების პოზიციის კონტროლი და მუდმივი სიჩქარის შენარჩუნება ისეთ მძღოლებს ბევრად უფრო უჭირდათ, რომლებიც სენსორულ ეკრანთან „ურთიერთობდნენ“.
კერნსის განცხადებით, საქმე ამერიკელი მომხმარებლების პრეფერენციებსაც ეხება:
„ვფიქრობ, ამერიკელი მომხმარებლების უმრავლესობას — არ ვიცი, რა ხდება სხვა კონტინენტებზე, აზიურ ქვეყნებში ან ევროპაში — თუმცა ჩემი დაკვირვებით, ამერიკელი მომხმარებლების უმრავლესობა უპირატესობას შეხებით კონტაქტს, ღილაკებს ანიჭებს“, — განაცხადა Kia-ს დიზაინერმა.
და თქვენ როგორ სალონს ანიჭებთ უპირატესობას — ტრადიციულს, ტრადიცული ღილაკებით, თუ თანამედროვეს, რომელშიც ეკრანის ზედაპირის ფართობი დაახლოებით საქარე მინის ფართობის ტოლია?