ბრაბუსი, ტუნინგი, ბრაბუსი 900
Aa
Aa

Brabus-ის „შიდა სამზარეულო“ | გერმანული ტუნერი საკუთარ რეალითი შოუს უშვებს

Brabus-ი თავისი სიმდიდრისა და ამბიციების დემონსტრირებას არასდროს მორიდებია. ამ ხასიათს იგი ყოველთვის თავისი მოდიფიცირებული ავტომობილებით გადმოსცემდა და წლების განმავლობაში ავტოსამყაროში წამყვან ფიგურად იქცა. ახლა კი გერმანულმა ტუნერმა გადაწყვიტა, საკუთარ „შიდა სამზარეულოშიც“ შეგვახედოს და ექვსნაწილიანი დოკუმენტური რეალითი სერიალი შემოგვთავაზა, სახელწოდებით: Brabus: One Second Wow.

ახალი რეალითი შოუ, რომელიც ბევრმა ხუმრობით უკვე „კარდაშიანებსაც“ შეადარა, Amazon Prime Video-ზე იქნება ხელმისაწვდომი. სერიალის პრემიერა 2026 წლის 26 თებერვალს შედგება. i&u Studios-ის მიერ Brabus-თან თანამშრომლობით გადაღებული სერიალი აღმასრულებელი დირექტორის, კონსტანტინ ბუშმანისა და მისი პარტნიორის, მილი უმიჩევიჩის შესახებ მოგვითხრობს. უმიჩევიჩი, ამავდროულად, ბრენდის კრეატიული დირექტორის პოზიციასაც იკავებს.

ბუშმანმა ოჯახური ბიზნესი 2018 წელს, მამამისისა და კომპანიის დამფუძნებლის, ბოდო ბუშმანის უეცარი გარდაცვალების შემდეგ გადაიბარა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერიალი მათ საქმიან და პირად ურთიერთობებს აშუქებს და ორიენტირებულია ე.წ. „სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსზე“. ამას ერთი მარტივი მიზეზი აქვს: ისინი წელიწადში 200 დღეზე მეტს მუშაობასა და მოგზაურობაში, საკუთარი ბრენდის წარმოსაჩენად ატარებენ.

შოუს თრეილერი უკვე გავრცელდა, რომელშიც უმიჩევიჩი ბუშმანს ავტომობილის „მანიაკივით“ მართვისთვის აკრიტიკებს. რეალითი შოუსთვის დამახასიათებელი სტანდარტული ხუმრობების გარდა, სერიალი გვპირდება, რომ Brabus-ის იმ საიდუმლო პროცესებსაც გვაჩვენებს, სადაც გუნდი ისეთ მძლავრ მოდელებს აწყობს, როგორიც, მაგალითად, Brabus 900-ის სერიაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები