Mazda როტორულძრავიანი სპორტქარის ახლო მომავალში გამოშვებას არ გეგმავს
როცა Mazda-მ 2023 წელს ულამაზესი პროტოტიპი Iconic SP წარადგინა, ავტომოყვარულების გონებამ მაშინვე სიხარულით გაიფიქრა, რომ ეს ახალი RX-7-ის ნიშანი იყო. ამჯერად, იაპონური ავტომწარმოებლის მმართველებთან ინტერვიუმ ეს ცეცხლი ჩააქრო და ენთუზიასტები ცივი ფინანსური რეალობის წინაშე დააყენა.
ინსაიდერების ცნობით, ახალი როტორულძრავიანი სპორტქარის იდეა არც ისე მივიწყებულია და Mazda მას სიამოვნებით შექმნიდა.
„ამ კომპანიაში უამრავი ავტომოყვარული მუშაობს, ეს გასაოცარია. ყველა მათგანს უყვარს ავტომობილები, შესაბამისად, ცხადია, ყველა მათგანს სურს, ემოციური პროდუქტების შექმნა გააგრძელოს“, — განაცხადა Mazda Europe-ის დაგეგმვის განყოფილების ხელმძღვანელმა მორიც ოსვალდმა.
პრობლემა ის არის, რომ მხოლოდ სიყვარული და ინტერესი ფინანსურ ბალანსს ვერ გამოასწორებს — ყველამ ვიცით, რომ Mazda-ს 100 000 დოლარიანი სპორტქარის შექმნა შეუძლია, თუმცა ვერავინ ჩამოვა ფსონს, რომ ის კომპანიას არ დააზარალებს და მომგებიანად გაიყიდება. 

Mazda Europe-ის სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელმა, კრისტიან შულცემ, ამ იდეის კუბოში ბოლო ლურსმანიც ჩააჭედა და განაცხადა, რომ „მაზდა ავტომობილებს უბრალო ადამიანებისთვის ქმნის“ და არა მხოლოდ მდიდრებისთვის.
მიუხედავად მკაცრი ფრაზისა, შულცემ განაცხადა, რომ თუ Mazda მართლაც შექმნის რაღაც SP-ის მსგავსს, მას პროტოტიპზე ბევრად უკეთესი ძალური აგრეგატი ექნება — Iconic SP თავის როტორულ ძრავას მხოლოდ გენერატორის ფუნქციით იყენებდა, რათა 365-ცხენისძალიანი ელექტროძრავა დაემუხტა.
აღნიშნული დამოკიდებულება მიანიშნებს იმაზე, რომ SP-ის მომავალი არც ისეთი ნათელია, როგორც ეს 2024 წლის ნოემბერში Mazda-ს მთავარმა დიზაინერმა, მასაში ნაკაიამამ, წარმოადგინა.
„ეს პროტოტიპი არ არის მორიგი უსულო, ავტოშოუსთვის განკუთვნილი მანქანა. ის იმისთვის შეიქმნა, რომ არც ისე შორეულ მომავალში სერიულ ავტომობილად იქცეს“, — აცხადებდა მაშინ ნაკაიამა.
უფრო რეალისტური ალბათ იმის ვარაუდი იქნება, რომ Iconic SP მომავალი თაობის MX-5-ის დიზაინს დაედება საფუძვლად — ეს სრულად როტორული ოცნება არ არის, თუმცა არც ისე ურიგო კომპრომისია.
თუ ამ ლეგენდარული იაპონური მწარმოებლისა და როტორული ძრავების ურთიერთობის შესახებ არ გსმენიათ, მაშინ გაეცანით CrystalAuto-ს იუთუბ არხზე ჩვენ მიერ მომზადებულ ვიდეოს: