ჩინეთი, ელექტრომობილები, ბიუაიდი, ბივაიდი, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

ჩინური BYD „მანჩესტერ სიტის“ ოფიციალური პარტნიორი გახდა

ელექტრომობილების ჩინური მწარმოებელი BYD, რომელმაც ცოტა ხნის წინ გაყიდვებით ამერიკულ Tesla-ს გადაასწრო, ახლა ინგლისური საფეხბურთო კლუბის, „მანჩესტერ სიტის“ ოფიციალური პარტნიორი გახდა და თავისი იმიჯი პეპ გვარდიოლას გუნდის ვარსკვლავებს დაუკავშირა.

11 თებერვლიდან BYD-ის ლოგო უკვე „მანჩესტერ სიტის“ მამაკაცთა პირველი გუნდის სავარჯიშო ფორმაზე გამოჩნდა, ხოლო მომავალი სეზონიდან ის ქალთა გუნდსაც დაამშვენებს. პარტნიორობა ასევე ითვალისწინებს BYD-ის ლოგოების სტადიონის განათებაში დამატებას, სკამებზე განთავსებასა და ინგლისური გუნდისთვის განკუთვნილ სპეციალურ ავტომობილს, რომელიც თამაშების წინ გუნდის ავტობუსს მიჰყვება ხოლმე.

თუმცა შეთანხმება მხოლოდ BYD-ის მოდელებს არ მოიცავს. კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მდიდრული ავტომობილების ჩინური ბრენდი — Denza. ამასთან ერთად, საფეხბურთო აკადემიაში დამონტაჟდება დასამუხტი სადგურები და ენერგიის შემნახველი სისტემები, რაც ტერიტორიას ბევრად ენერგოეფექტიანს გახდის.

BYD-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, სტელა ლიმ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პარტნიორობა მობილობას ან ფეხბურთს სცილდება. „ეს ტექნოლოგიების საშუალებით მსოფლიოში ადამიანების შთაგონებას ეხება, რომელიც მათ აკავშირებს და ხელს უწყობს უფრო მდგრადი მომავლის შექმნას. მაშინ, როდესაც ინოვაცია ენთუზიაზმს ხვდება, გავლენა ნამდვილად გლობალურია“, — განაცხადა ლიმ.

BYD-მ თავისი პირველი მასობრივი წარმოების plug-in ჰიბრიდი 2008 წელს გამოუშვა და თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ელექტრო და plug-in ავტომობილების გლობალურ ლიდერად დაიმკვიდრა თავი. მხოლოდ გასულ წელს კომპანიამ 4.6 მილიონი ავტომობილი გაყიდა, მათგან მილიონზე მეტი — ჩინეთის საზღვრებს გარეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები