ელექტრომობილი, მერსედესი, მერსედეს ბენცი, მერსედეს ბენცი ჯი კლასი, ჯი კლასი, გელენდვაგენი
Aa
Aa

მინი G-Class-ი მხოლოდ ელექტრო აღარ იქნება | Mercedes-ი სტრატეგიას ცვლის

წესით გახსოვთ, რომ Mercedes-ის გეგმით, მისი ახალი, ე.წ. „მინი“ G-Class-ი (Baby G-Class) სრულიად ელექტრო უნდა ყოფილიყო. თუმცა საავტომობილო ბაზარი სწრაფად იცვლება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ელექტრომობილებს ეხება, და ავტომწარმოებლებიც ხვდებიან, რომ მათ მიერ დასახულ ამბიციურ მიზნებს ისეთი წარმატებით ვერ აღწევენ, როგორც თავდაპირველად გეგმავდნენ.

გამოცემა Autocar-ის ინფორმაციით, პატარა ზომის, კომპაქტური, GLB ზომის ორრიგიანი ყველგანმავალი 2027 წელს გამოვა და კვლავ ხელმისაწვდომი იქნება სუფთა სახის ელექტრომობილი. თუმცა, როგორც Autocar-ი წერს, შემუშავების პროცესშია თანმხლები ჰიბრიდული ვერსიაც, რომელიც უახლესი Mercedes-Benz CLA-ის ტურბო 4-ცილინდრიან ძრავას გამოიყენებს.

ეს ცვლილება Mercedes-ის გუნდის ბევრად ფართო ხედვაზე მიუთითებს. კომპანიამ ელექტრომობილების ადრინდელი გეგმები წარსულშიც შეცვალა, კერძოდ მაშინ, როდესაც ავტომწარმოებლის CEO-მ დაადასტურა, რომ კომპანია შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვას 2030-იან წლებშიც გააგრძელებს. მიზანი მარტივია: Mercedes-ს სურს მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე მოქნილობა მომავალშიც შეინარჩუნოს. ელექტრო G-Class-ზე დაბალი მოთხოვნა კი კომპანიას სწორედ ამისკენ უბიძგებს.

Mercedes-ის მიერ დაპროექტებული ჰიბრიდიზებული 1.5-ლიტრიანი აგრეგატი ჩინეთში, Horse Powertrain-ის მიერ აეწყო. Horse Powertrain-ი ჩინური Geely-ისა და Renault-ის ერთობლივი საწარმოა. უცნობია, ზუსტად რა სიმძლავრეს მიაღწევს ეს აგრეგატი მინი G-Class-ში, თუმცა ახალი CLA 220-ის ჰიბრიდული ვერსია 208 ცხენის ძალას გამომუშავებს, 380 ნიუტონ-მეტრს აღწევს და 100 კმ/სთ-ს 7.1 წამში ავითარებს.

შეგახსენებთ, რომ ელექტრო G-Class-ის წარდგენა Mercedes-ისთვის ფინანსურად არცთუ ისე მოგებიანი გადაწყვეტილება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულ ვერსიებზე მოთხოვნა კვლავ მაღალია, იგივეს ელექტრომობილებზე ვერ ვიტყვით. ამის გამო კომპანიას ელექტრო G-ების მომხმარებლისთვის ფასდაკლებით შეთავაზება მოუხდა, თანაც რამდენიმე ეტაპად. მათ შორის, ბოლოს Mercedes-მა ელექტრო G-Class-ი ბაზარზე 10 000 აშშ დოლარის ოდენობის წამახალისებელი ფასდაკლებით გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები