ტექინსპექტირება
Aa
Aa

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირი: ტექინსპექტირების საფასური 50%-ით უნდა გაიზარდოს

„ტექინსპექტირების საფასური 50%-ით უნდა გაიზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სექტორს ოპერირება გაუჭირდება“ — ამის შესახებ BMG-სთან „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს.

მისი თქმით, პრობლემურია, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის დაწყებიდან დღემდე, მომსახურების საფასური უცვლელი რჩება. ეს საკითხი სექტორისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა, რაც კადრების გადინებასა და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს იწვევს.

კავშირის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, წლების განმავლობაში უცვლელი ტარიფი პირდაპირ აისახება ცენტრების თანამშრომელთა ხელფასებზე, რადგან ინფლაციისა და ცხოვრების გაძვირების ფონზე, არსებული სახელფასო განაკვეთები კვალიფიციური პერსონალისთვის მიმზიდველი აღარ არის. მისივე თქმით, კვალიფიციური კადრის დაკარგვა ცენტრებისთვის ორმაგი დარტყმაა, რადგან ახალი პერსონალის მომზადება დიდ რესურსს მოითხოვს.

„პერსონალის დატრენინგებას საკმაოდ დიდი დრო და ხარჯები სჭირდება. აქედან გამომდინარე, თუ არ იქნება გადახედილი პირველადი ტექინსპექტირების საფასური, სექტორს სტანდარტებთან შესაბამისობაში ოპერირება ძალიან გაუჭირდება", — განაცხადა მან.

ხელფასების გარდა, სექტორში კიდევ ერთ მწვავე პრობლემად ტექნიკური აღჭურვილობის ცვეთა სახელდება. აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ ტექინსპექტირების მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად ტექნოლოგიებში მუდმივი ინვესტირება აუცილებელია. მისივე ცნობით, მიუხედავად სექტორის მზაობისა და წარდგენილი არგუმენტებისა, კონკრეტული გადაწყვეტილება ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ არის, თუმცა საკითხზე მსჯელობა დაწყებულია.

ამჟამად მსუბუქი ავტომობილების ტექინსპექტირების საფასური 60 ლარს შეადგენს, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტისთვის ის 100 ლარით არის განსაზღვრული.

წყარო: BMG

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები