აშშ-მა იაპონიასთან მდებარე სამხედრო ბაზაზე BYD-ის ელექტრომობილები აკრძალა | მიზეზები
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იაპონიაში, ოკინავას კუნძულზე მდებარე კადენას საჰაერო ბაზაზე, ჩინური ავტომწარმოებლის, BYD-ის ელექტრომობილების შესვლა აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთკორეული საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.
ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
როგორც ცნობილი ხდება, აშშ-ის მხრიდან აკრძალვის მიზეზი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული შეშფოთებაა. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლების შეფასებით, BYD-ის ავტომობილებზე დამონტაჟებულმა კამერებმა და სენსორებმა შესაძლოა ბაზის ტერიტორიაზე არსებული სენსიტიური ინფორმაცია შეაგროვონ და გაავრცელონ.
Yonhap-ის ცნობით, შეზღუდვა ორშაბათიდან ამოქმედდება და ბაზის თანამშრომლების, კონტრაქტორების, კომერციული კომპანიებისა და ტაქსების მიერ გამოყენებულ BYD-ის ავტომობილებს შეეხება. შედეგად, ორშაბათიდან ოკინავას კუნძულზე მდებარე კადენას საჰაერო ბაზაზე აღარც ერთი BYD აღარ დაეშვება — გამონაკლისის გარეშე.

მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარი არც აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობას და არც BYD-ს არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა BYD ჩინეთის სამხედრო ძალების ხელშემწყობ კომპანიათა სიაში შეიყვანა. ამავე სიაში მოხვდნენ ისეთი ჩინური ფირმები, როგორებიც ელექტრონული კომერციის კომპანია Alibaba, ინტერნეტკომპანია Baidu და ავტომწარმოებელი NIO არიან.

აშშ-ის მტკიცებით, ეს კომპანიები შესაძლოა ჩინეთის ინტერესებს ემსახურებოდნენ და პეკინს აშშ-ის სენსიტიურ ინფორმაციაზე წვდომას აძლევდნენ. რა თქმა უნდა, ჩინეთმა ეს სია დისკრიმინაციულად და არაგონივრულად შეაფასა, ხოლო Alibaba-მ აშშ-ის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელიც აღძრა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს