BYD-ის ახალი ჩინური ფლაგმანი 97%-მდე 9 წუთში იმუხტება
BYD-მ თავისი ახალი ფლაგმანი SUV წარადგინა, სახელწოდებით Great Tang-ი. ეს სახელი შესაძლოა ცოტა უცნაურად ჟღერდეს, თუმცა მთავარი მაინც ის უახლესი ელექტროპლატფორმაა, რომელიც ამ მოდელის მიღმა იმალება. ჩინური ავტომწარმოებლის ახალი პლატფორმა ისეთი მაღალი კლასის მოდელებთან კონკურენციისთვისაა შექმნილი, როგორიც ადგილობრივად Zeekr 7X და IM LS9, ხოლო გლობალურ მასშტაბზე — EX90 და Hyundai Ioniq 9 გახლავთ.

BYD-ის ახალი მოდელი ზომით Denza N9-ზეც კი დიდია. ჩინური SUV BYD-ის ახალი პრემიუმ საწარმოო ხაზის, Dynasty-ს სერიის ნაწილია. ვიზუალურად ეს მოდელი საკმაოდ კარგად გამოიყურება, განსაკუთრებით მისი ორფეროვანი დიზაინის ხარჯზე. წინა მხარე BYD-ის არსებული მოდელების ვიზუალს წააგავს მოძრავი განათების ზოლით, ქვედა შავი ცხაურითა და ინტეგრირებული ვერტიკალური მაშუქებით.

თუმცა მთავარი არა სტილი, არამედ ამ ჩინური ფლაგმანის ტექნოლოგიაა. Great Tang BYD-ის ახალ Super e პლატფორმაზეა დაფუძნებული და კომპანიის მეორე თაობის ე.წ. „ფირფიტა“ (Blade) აკუმულატორს იყენებს. ავტომწარმოებლის განცხადებით, მოდელი 10%-დან 97%-მდე სულ რაღაც 9 წუთში იმუხტება, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, როდესაც მის ერთ-ერთ ახალ, 1500 კვტ სიმძლავრის დასამუხტ სადგურთანაა შეერთებული. SUV 1000-ვოლტიან ელექტროარქიტექტურასაც იყენებს.
აკუმულატორის ზომის შესახებ ჯერ კიდევ არაფერია ცნობილი, მაგრამ BYD-მ დაადასტურა, რომ მოდელი 402 ან 496 ცხენისძალიანი ვერსიებით იქნება წარმოდგენილი. ასევე შემოთავაზებული იქნება ორძრავიანი ვერსია, რომლის გამომუშავებაც 784 ცხენის ძალას მიაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ მისი წონა 2970 კგ-ს აღწევს, BYD-ს ინფორმაციით, უკანაძრავიან ვერსიას CLTC ციკლით 950 კილომეტრის დაფარვა შეეძლება. თუმცა უფრო მძლავრი მოდელის არჩევის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი მცირედით, 850 კილომეტრამდე დაიკლებს.

რაც შეეხება ინტერიერს, აქ მფლობელებს 2+2+3 სავარძლების განლაგება დახვდებათ, დიდი ცენტრალური საინფორმაციო-გასართობი ეკრანი, ასევე მძღოლისა და წინა მგზავრისთვის განცალკევებული ეკრანები. ამ მოდელის ფასი ჩინეთში, სავარაუდოდ, 400 000 იუანიდან დაიწყება, რაც დაახლოებით 58 000 აშშ დოლარია.