რობოტაქსი, გზის აღდგენითი სამუშაოები, ვეიმო, დაზიანებული საფარი, ლოს-ანჯელესი
Aa
Aa

ლოს-ანჯელესში საგზაო ორმოების პრობლემის მოსაგვარებლად Waymo-ს რობოტაქსებს იყენებენ

ლოს-ანჯელესის ქუჩებში გზების მოწესრიგების პროცესი ახალ, მაღალტექნოლოგიურ ეტაპზე გადადის. ქალაქის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ორ გიგანტთან — Google-ის შვილობილ რობოტაქსების კომპანია Waymo-სა და სანავიგაციო პლატფორმა Waze-თან ითანამშრომლოს, რათა გზის საფარზე არსებული ორმოების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას. ცხადია, თავად რობოტაქსები გზებს ფიზიკურად არ და ვერ შეაკეთებენ — მათი ფუნქცია დაზიანებული მონაკვეთების იდენტიფიცირება და მონაცემების შეგროვებაა.

ამ უჩვეულო პარტნიორობის მიზეზი სტატისტიკაა: მხოლოდ 2026 წლის იანვარში ლოს-ანჯელესის მცხოვრებლებმა 6 700-ზე მეტი ორმო დააფიქსირეს, თებერვალსა და მარტში კი საჩივრების რაოდენობას კიდევ 5 000 დაემატა. ქალაქის სამსახურები ამ მოცულობის სამუშაოს ვეღარ აუდიან, ამიტომ Waymo-ს თვითმართვადი ავტომობილები, რომლებიც ისედაც მუდმივად მოძრაობენ ქუჩებში, იდეალური „ინსპექტორები“ აღმოჩნდნენ.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, მათი სისტემა ისედაც აგროვებს ინფორმაციას გზის საფარზე, რათა რობოტაქსმა ორმოებს გვერდი აუაროს ან მათზე რბილად გადაიაროს. Waymo-ს მიერ შეგროვებული მაღალი ხარისხის მონაცემები პირდაპირ Waze-ის სპეციალურ პლატფორმაზე (Waze for Cities) გადაიგზავნება, რომლითაც ქალაქის ოფიციალური სამსახურები სარგებლობენ.

ეს სისტემა საშუალებას აძლევს ადგილობრივ ხელისუფლებას, რეალურ დროში დაინახოს, სად არის გზა ყველაზე მეტად დაზიანებული და სარემონტო ბრიგადები ყველაზე კრიტიკულ წერტილებში ოპერატიულად გაგზავნოს. აღნიშნული პროექტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ავტონომიურ ტექნოლოგიებს მხოლოდ მგზავრების გადაყვანაზე ბევრად დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები