ლეგენდარული იაგუარი 70-წლიანი „თანაცხოვრების“ შემდეგ, მფლობელს მხოლოდ სიკვდილმა დააშორა
1955 წელი ბრიტანეთისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი იყო — ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის იარებისგან სწრაფად იკურნებოდა, უინსტონ ჩერჩილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, უმუშევრობის დონე შემცირდა და სტირლინგ მოსმა ბრიტანეთის გრან-პრი პირველად მოიგო. სწორედ ამ დროს ბრიტანელმა ილუსტრატორმა, მაიკლ ტერნერმა, შეიძინა ავტომობილი, რომელიც მისი მომდევნო 70 წლის განმავლობაში მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ეს 1939 წლის SS Jaguar 100 იყო — 2-ადგილიანი სპორტქარი, რომელიც შეიქმნა მანამ, სანამ კომპანია სახელს Jaguar-ად ოფიციალურად გადაიკეთებდა.
თუ აქამდე არ იცოდით, SS100 პირველი მოდელია, რომელზეც ნახტომში მყოფი იაგუარის საკულტო ფიგურა გამოჩნდა. ციფრი „100“ მის სახელში პოტენციურ მაქსიმალურ სიჩქარეს (100 მილი/სთ) აღნიშნავდა, რაც 1939 წელს შენანიშნავი მიღწევა იყო ხის ჩარჩოსა და სულ რაღაც ხუთი დუიმი სიგანის საბურავების მქონე როდსტერისთვის. 3.5-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი ეს მოდელი 125 ცხენის ძალას გამომუშავებდა და Jaguar-მა ის სულ ერთეულად ააწყო.
მაიკლ ტერნერი თავის საყვარელ ავტომობილს ფარეხში ნამდვილად არ აძველებდა. პირველი ხუთი წლის განმავლობაში ის მისი ყოველდღიური ტრანსპორტი იყო, მოგვიანებით კი სხვადასხვა სარბოლო ტრეკზე, მათ შორის გუდვუდზეც იყენებდა. ათწლეულების განმავლობაში ავტომობილი მრავალჯერ გამოჩნდა ჟურნალების გარეკანებზე და საავტომობილო გამოფენებზე. 90-იან წლებში კი ჩაუტარდა რესტავრაცია, რომლის შედეგადაც აღდგა მისი თავდაპირველი, გრძელი ფრთები და ხის ჩარჩოს ნაწილები, კორპუსი კი კვლავ ლურჯად შეიღება.
ტერნერი 2025 წლის დეკემბერში, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა — საყვარელ ავტომობილთან მისი დაშორება მხოლოდ სიკვდილმა შეძლო. უპატრონოდ დარჩენილი იაგუარი Bonhams-ის აუქციონზე, დაახლოებით, 300 000 დოლარად გაიყიდა, თუმცა, ემოციური კავშირისა და 70-წლიანი ერთგულების გათვალისწინებით, მისი ნამდვილი ღირებულება, ალბათ, შეუფასებელია.
როგორ ფიქრობთ, საავტომობილო ინდუსტრიის თანამედროვე სტანდარტებით, რამდენად შესაძლებელია ერთი ავტომობილის 70 წლის განმავლობაში შენარჩუნება?