კლარკსონისა და ჰამონდის ჯინაზე ნაყიდმა Ferrari-მ ჯეიმს მეის $200 000-იანი მოგება მოუტანა
2015 წელს ჯეიმს მეიმ „შემთხვევით“ Ferrari 458 Speciale შეიძინა. ეს სწორედ იმ გახმაურებულ სკანდალამდე მოხდა, რაც საბოლოოდ ძველი სტილის Top Gear-ის დასრულების მიზეზად იქცა. თუმცა BBC-ის დატოვების შემდეგაც მეიმ გადაწყვიტა, შესყიდვის პროცესი დაესრულებინა და ეს იტალიური მოდელიც საკუთარ ავტოფარეხში წამოეყვანა. როგორც აღმოჩნდა, მაშინ მეიმ საკმაოდ სწორი და ფინანსურად მოგებიანი გადაწყვეტილება მიიღო: 458 Speciale-ის ღირებულება ათი წლის შემდეგ საწყის ფასთან შედარებით თითქმის ორჯერ გაიზარდა.

Top Gear-ისა და The Grand Tour-ის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო თანაწამყვანების იუმორის გრძნობა და ერთმანეთზე ხუმრობის დამამახსოვრებელი ეპიზოდები იყო. მეი, რეალურად, სამეულში ყველაზე მშვიდ ადამიანად ითვლებოდა. მეის თანაწამყვანები Captain Slow-საც (კაპიტანი ნელი) კი ეძახდნენ და მის „მოკრძალებულობაზეც“ ხშირად ხუმრობდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში ჰამონდმა მეის სწორედ ეს თვისება გააშარჟა და ირონიულად აღნიშნა: „მე ძალიან მოკრძალებული ვარ, სწორედ ამიტომ დავდივარ ყვითელი Ferrari-თ“.
თუმცა საინტერესო, რეალურად ის ფაქტი გახლდათ, რომ მეი ერთადერთი იყო ტრიოდან, რომელსაც Ferrari-ს სრულ ხაზზე წვდომა ჰქონდა. ეს კი იმიტომ, რომ ჯეიმსი ავტომწარმოებლის მოდელის ექსკლუზიური კლიენტი და ოფიციალური მფლობელი გახლდათ. ამ ურთიერთობის გამო მეის ხშირად შოუში Ferrari-ს ავტომობილების ტესტ-დრაივისთვისაც იწვევდნენ. მაგალითად, მას ჰქონდა ფუფუნება, LaFerrari გამოეცადა, რაც Ferrari-ს მხრიდან დიდ ნდობაზე მიუთითებს. ეს გარკვეულწილად მიზეზია იმისა, თუ რატომ იყიდა ათი წლის წინ მეიმ 458 Speciale, დანარჩენი კი უკვე კურიოზული ნაწილია.

ჯეიმსმაც ეს ავტომობილი, ცოტა არ იყოს, ხუმრობით იყიდა, რათა მეგობრებისთვის ეჩვენებინა, რომ მასაც შეეძლო მსგავსი მანქანის ფლობა. ირკვევა, Ferrari-ს შეკვეთისას, მეის ისიც კი აინტერესებდა გაეგო, მისცემდა თუ არა ავტომწარმოებელი მას ლიმიტირებული ვერსიის შეძენის უფლებას. ხოლო Ferrari-სგან ნებართვის მიღების შემდეგ უკან აღარ დაიხია და არც თავის ლეგენდარულ თანაწამყვანებთან შერცხვა. საბოლოოდ, ამ სპონტანურმა და ნახევრად ირონიულმა გადაწყვეტილებამ მას უდიდესი ფინანსური მოგება მოუტანა.
2015 წელს, მას შემდეგ, რაც Top Gear-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარი ინციდენტი შოუს ძველი ფორმატით დასრულების მიზეზად იქცა, წამყვანებისთვის ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. რეალურად, შოუდან არავინ დაუთხოვიათ, თუმცა კლარკსონს კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს და თანაწამყვანებმაც, მეგობრის მხარდასაჭერად, შოუს დატოვება გადაწყვიტეს. მეიმ თავისი უმუშევარი პენსიონერის სტატუსი Ferrari 458 Speciale-ს შესყიდვით დაასრულა და მას მოგვიანებით, ხუმრობით, თავისი „უმუშევრობის მანქანა“ უწოდა.
ავტომობილის ფასი მაშინ 300 000 აშშ დოლარს აჭარბებდა, რაც უმუშევარი ადამიანისთვის მართლაც უცნაური შენაძენია. თუმცა ათწლეულის შემდეგ ეს ხუმრობა დიდ ინვესტიციად იქცა. ამ მოდელის ღირებულება დროთა განმავლობაში თითქმის გაორმაგდა. ახლა მისი ფასი $500 000-იდან $600 000-მდე მერყეობს, რაც მეის $200 000-ზე მეტ მოგებას უტოვებს.