აშშ, შეზღუდული შესაძლებლობები, მანქანების ამოცნობა
Aa
Aa

გაიცანით ამერიკელი უსინათლო მამაკაცი, რომელსაც ავტომობილის მოდელის ამოცნობა შეხებით შეუძლია

ალბათ, ყველას გვყავს ერთი ისეთი მეგობარი, რომელსაც ავტომობილის ამოცნობა ერთი შეხედვით, შორიდან შეუძლია. თუმცა, ნიუ-მექსიკოში მცხოვრები მაიკის ისტორია სრულიად განსხვავებულია — ის უსინათლოა და ავტომობილებს მხოლოდ ხელის შეხებით ცნობს.

მაიკმა და მისმა მეუღლემ, ჯენმა, TikTok-ზე ნამდვილი ფურორი მოახდინეს. მათ ვიდეოებში მაიკი ქუჩაში უცნობებს აჩერებს და სთხოვს, ნება დართონ, შეხებით გამოიცნოს მათი ავტომობილის მოდელი. უსინათლო მამაკაცი ავტომობილების გარემოცვაში გაიზარდა.

@blindhoundfarms He’s done this so many times… and I still don’t understand how ???? what should we try next? #trucksoftiktok #blind #blindness #carguys #marriedlife ♬ original sound - Mike & Jenn | Blindhound Farms

„ბავშვობიდანვე მაინტერესებდა Chevy-ს პიკაპები და სხვა მანქანები. წლების განმავლობაში ჩამომიყალიბდა ერთგვარი მეხსიერების საცავი — ვიცი, როგორი ფორმა აქვს თითოეულ ფრთას, კარს თუ ბამპერს,“ — ამბობს ის.

მიუხედავად იმისა, რომ მაიკი ვერ ხედავს ავტომობილის ვიზუალურ სილამაზეს და ვერც მის მართვას ახერხებს, მას აქვს საოცარი უნარი, შეიგრძნოს ის ოსტატობა და შრომა, რაც თითოეული მოდელის შექმნაშია ჩადებული. მაიკი კლასიკური ავტომობილების მოყვარულია. მისთვის ყველაზე ადვილად ამოსაცნობი 1957 წლის Chevy Bel Air-ი, 60-იანი წლების Chevelle და GTO-ებია. 

TikTok-ის ახალი ვარსკვლავის თქმით, ახალი მოდელების ამოცნობა და მათი ერთმანეთისგან გარჩევა გაცილებით რთულია, ვინაიდან მოდელებს, როგორც წესი, მსგავსი აეროდინამიკური ფორმები აქვთ. რაც შეეხება კონკრეტულ მოდელს, მაიკის თქმით, ყველაზე მეტად თანამედროვე კორვეტის ამოცნობა უჭირს. 

„ხალხს ჰგონია, რომ თუ ვერ ხედავ, მხოლოდ ბრაილის შრიფტითა და საკვებით უნდა შემოიფარგლო... თუ რამე ძალიან გიყვარს, არ აქვს მნიშვნელობა, ხედავ თუ არა — მიზანდასახულობით ყველაფერს მიაღწევ“ — ამბობს ჯენი. 

მაიკის ისტორია გვახსენებს, რომ ავტომობილი მხოლოდ ვიზუალი არ არის — ეს ფორმების, მასალებისა და ინჟინერიის ერთობლიობაა, რომლის აღქმაც ყველა გრძნობითაა შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები